„თუ ის უზრუნველყვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში მისი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ არ უნდა უზრუნველყონ, როდესაც მოთხოვნა 24 საათით ადრე მიუვიდათ, აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი?!”, – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მესამე პრეზიდენტის ბრალდების საქმეზე პროცესი იმართება, სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეთა კოლეგიას. ბექა ბასიალიას თქმით, სასამართლო კოლეგიამ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სასამართლო დარბაზში მოყვანის საკითხი უნდა უზრუნველყოს.
“თუ არ არის იმის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლო სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა. თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს პროცესი არის, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ორთვიანი ვადა გადის, აღკვეთის ღონისძიებაა გადასასინჯი და სასამართლო ვადას ვერ გაექცევა, მეტი არაფერი. ბოდიში, მოსამართლეები ხართ, კეთილი ინებეთ და ახლავე უზრუნველყავით, სააკაშვილის პროცესზე მოყვანა“, – აცხადებს ბასილაია.
მანამდე პროცესზე შეკემათება მოხდა საქმის პროკურორსა და დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის, რომელიც სხდომას ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა. კამათი მოხდა სააკაშვილის არყოფნის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.
“დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.
„ამ ფარსს როგორ უსმენთ“, – მიმართა უგულავამ სხდომის მონაწილეებს, რის შემდეგაც მოსამართლემ აღნიშნა, რომ სხდომა ასე ვერ გაგრძელდება.
მოსამართლის შეურაცხყოფის გამო, გიგი უგულავას სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.