დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დარწმუნებულია, რომ 15 დეკემბერს, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აღნიშნა, „საქართველო ყოველთვის წინ იყო პარტნიორ ქვეყნებზე, რომელსაც ერთ კალათაში მოიაზრებდა საერთაშორისო თანამეგობრობა“.
„მმართველი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად სულმოუთქმელად ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ საფუძვლიანად ვფიქრობთ, რომ ვიმსახურებდით გასულ წელსაც, რომ არა დაყრდნობა ყალბ წყაროებზე, შინაური თუ სხვა ლობისტური ძალების ხელოვნური მავნებლობა საქართველოს წინააღმდეგ. ობიექტური შემფასებელი დამემოწმება, ეს იქნება საქართველოს შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველო ყოველთვის იყო წინ პარტნიორ ქვეყნებზე, რომელსაც ერთ კალათაში მოიაზრებდა საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა, სამართალი ურმით დადის და დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს ჩვენ იმ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც ვიმსახურებთ. თუმცა, ეს ბუნებრივია არ არის უკანასკნელი გაჩერება, ეს საქმის ნახევარია და გაწერილი გეგმის თანახმად გავწევთ ძალისხმევას და ავიღებთ ამბიციურ მიზანს იმისათვის, რომ 2024-ის დასასრულს ჩვენ საფუძვლიანად მივმართოთ ევროკავშირს სრულფასოვან წევრობაზე“, – აღნიშნა ოდიშარიამ.