ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია “იესეი”(ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ავრცელებს.  ორგანიზაცია საკუთარ ვებ გვერდზე წერს, რომ 24 წლის მომღერალი და მუსიკოსი, რომელსაც youtube-ზე 110 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას ევროპამდე მიიტანს და ორგანიზაციის გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს.

ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა და სწორედ ამან უბიძგა მომღერალს, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო.

იესეი“ წერს, რომ აღნიშნული პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რასაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის რესურსების გასაძლიერებლად გამოიყენებენ.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გუშინ გაავრცელა, სადაც ამაზონის ჯუნგლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ისიც დააანონსა, რომ საკუთარი დანაზოგიდან ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ბერას შესახებ მოკლე ინფორმაციასაც ავრცელებს და წერს, რომ არტისტი საქართველოში დაიბადა, აღმოსავლეთ ევროპაში. ის ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე ქმნის საკუთარ კომპოზიციებს გარდა ამისა, იგი კარგად ფლობს რუსულ და ესპანურ ენებს.

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბერა ივანიშვილი ნოემბერში ბრაზილიაში ჩასვლასაც გეგმავს, რა დროსაც ამაზონის ტროპიკულ ტყეს მოინახულებს.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „იესეი“ ბრაზილიაში 1994 წლიდან საქმიანობს. კამპანია „ტყის ხალხი“ მან 2019 წლის აპრილში დაიწყო. ამაზონის ტყეში აგვისტოში გაჩენილი უპრეცედენტო მასშტაბის ხანძრის შედეგად ათასობით ჰექტარი განადგურდა. ბრაზილიის სატელიტური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს ამაზონის ტყის 7700 კვადრატულ კილომეტრის ფართობი განადგურდა ხანძრებისა და ხეების ჩეხვის გამო. „პლანეტის ფილტვებად“ წოდებული ტყის გადასარჩენად შემოწირულობების სახით ასობით მილიონი დოლარი შეგროვდა.

მსგავსი თემები