LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის” – გიორგი მშვენიერაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე პარლამენტში კომისიის შექმნას მოითხოვს

90
გიორგი მშვენიერაძე

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე  საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს და განცხადებაში კომისიის შექმნის დეტალებს განმარტავს.

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა და მასში არანაკლებ ნახევარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

შესაბამისად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, ვითხოვთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას,” – წერს გიორგი მშვენიერაძე.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა და რომელიც დიდი ალბათობით ასევე შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის ღიად, პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან – დღემდე.

მისი სიტყვებით, ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ პირიქით, ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ მოღალატე.

“ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს.

ხოლო, ამ სიბინძურის ავტორებს, არაფრის არ შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი – კანონი“, – წერს მშვენიერაძე.

mazda magti 5g