LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ პანდემიამდელი პერიოდს გადააჭარბა – ლევან დავითაშვილი

44
ლევან დავითაშვილი

„როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“ – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - ეკონომიკის მინისტრი

მინისტრის თქმით, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა.

დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა და სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. დავითაშვილის თქმით, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება – უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით.

„2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 102.0%-ით გაიზარდა 922.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62.5%-ს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5%-ს გაუტოლდა“ – განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე (პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით) 94.6% იყო, ხოლო შემოსავლებმა 2,141.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ივლისსა და აგვისტოში კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, როცა იყო ტურიზმის შემოსავლების რეკორდული წელი.