„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი დირექტორი ან გაგიჟდა, ან ივანიშვილის დავალებას ასრულებს.
მისი თქმით, კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ შეუძლებელია პარლამენტში შესვლაზე ფიქრი.
„კობახიძემ:
– ნაცებს რეაგისტრაციას გავუუქმებთო
– პარლამენტში ვინც არ შევა, დავუკმაყოფილებთ მოთხოვნასო.
– არჩევნები არ გაყალბებულაო.
– პარტიებს დაფინანსებას არ მივცემთო.
– საარჩევნო რეფორმას მაინც გავატარებთ, შემოხვალთ, თუ არ შემოხვალთო
– ჩვენვე შევქმნით დროებით კომისიასო და თუ ჩვენივე კომისია ჩვენს მიერვე არჩევნების გაყალბებას დაადგენსო, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო.
ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო დაავალა, ან ორივე.
აი, ამ არაადეკვატურების ხელშია ქვეყნის ბედი.
აი, ამ ყველაფრის შემდეგ ამ პარლამენტში შესვლა, როგორი სიგიჟეა, ხვდებით ხომ“? – წერს სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, დღეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამბოხს არ დაუშვებს.
დღესვე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რა შემთხვევაში გადაწყვეტდა პარლამენტში შესვლას.