LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლოს მაინც პარლამენტში შემოვიდნენ და აქ დაგვისხდნენ, ამის შემდეგ რომ გამოხვალ და ნიშნისმოგებით დაგველაპარაკებით, არ მიგიღებთ: ზარქუა

58
ირაკლი ზარქუა

“ბოლოს მაინც პარლამენტში შემოვიდნენ და აქ დაგვისხდნენ. ცდილობენ, განცდა შექმნან, რომ ხალხზე ზრუნავენ და თითქოს, როგორი შემართება აქვთ,” – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ განაცხადა, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, “ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას პასუხობდა.

ის გამოეხმაურა გუშინდელ ფაქტს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მოხსენებას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, პირველად ეთანხმება ელისაშვილს – აქ საქმე ეხება პასუხისმგებლობის განაწილებას და არა დერეფნებში კომენტარის გაკეთებას და მისი თქმით, არ გამოუვათ მცდელობები, სახე შეინარჩუნონ. ზარქუამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ თუ მუშაობა სურთ, პარლამენტში უნდა მივიდნენ და სხდომებს დაესწრონ:

“ბოლოს მაინც პარლამენტში შემოვიდნენ და აქ დაგვისხდნენ. ცდილობენ, განცდა შექმნან, რომ ხალხზე ზრუნავენ და თითქოს როგორი შემართება აქვთ. გუშინ მინისტრი რომ მოვიდა, წინასწარ ვუთხარი – გაძლება მოგცეს ღმერთმა, ოპოზიციაა და ისეთი ამბავი იქნება. საერთოდ არ მოვიდა ეს ხალხი, არ გამოჩნდა. ნუთუ არ აინტერესებდათ, “კომენდანტის საათი” გადაიწევს თუ არა, ან ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს, ის ყბადაღებული მილიონი დოზა შემოვა თუ არა.

გუშინ უმრავლესობა ვიყავით ოპოზიცია, ფაქტობრივად. ამის შემდეგ აქ რომ გამოხვალ და ნიშნის მოგებით, მაღალი მორალით დაგველაპარაკებით, არ მიგიღებთ. თქვენ შემოსვლის გარეშეც ამ პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი, რომლითაც ხელფასს იღებთ თქვენ და თქვენი პარტიაც. ამ პარლამენტმა, მიუხედავად თქვენი არყოფნისა, დაამტკიცა მთავრობა და დღემდე სოციალურ თუ ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებს ვახორციელებთ. პირველად ვეთანხმები ელისაშვილს – აქ საქმე ეხება პასუხისმგებლობის განაწილებას და არა დერეფნებში კომენტარის გაკეთებას. ამას ქუჩებშიც აკეთებდით, ხალხი ვერ აიყოლიეთ და ამიტომ შემოხვედით, იძულებული გახდით. არ გამოგივათ ახლა მცდელობები, რომ სახე შეინარჩუნოთ. გინდათ მუშაობა, მოდით დაესწარით, სიურპრიზი არ იქნება, იქნებით უფრო კვალიფიციური.” – თქვა ზარქუამ.

შეგახსენებთ, დღეს “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა, ვინც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს დაუჭერს, საქართველოს კონსტიტუციას დაარღვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები