შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, „გარდაცვლილია უცხოელი ტურისტიც, რომლის გადასარჩენადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია“.
„გარდაცვლილია უცხოელი ტურისტიც, რომლის გადასარჩენადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ხოლო, მასთან ერთად მყოფი ქართველი ცოცხალია და გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს. პარაპლანით ფრენები დიდი პრობლემაა ნამდვილად. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის გარდაცვალების ფაქტებიც. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი, აქ რატომ ხდება ასე ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების – ქარია, ხეობებია, ან არიან არაპროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა. ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე, სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ადამიანებზე, ვინც პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება“ – თქვა გომელაურმა.