“ბრუნდება დანიელსონი იმიტომ, რომ აქვს ალბათ კეთილგონიერების იმედი, რომელიც ვერ დაინახა “ქართული ოცნების” რიგებში პირველჯერზე”, – ამის შესახებ განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
მისი განცხადებით, ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი “კატასტროფა და სრული ფიასკო იყო ევროკავშირისთვის”, შემდეგ უკვე სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საქართველოში ჩამოსვლა და “აქაც შეთანხმების ჩავარდნა” – ევროკავშირის კრიზისზე მიანიშნებს. უგულავას თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პოლიტიკური რეპუტაცია გადაირჩინონ.
“ბრუნდება დანიელსონი იმიტომ, რომ დანიელსონს აქვს ალბათ კეთილგონიერების იმედი, რომელიც ვერ დაინახა “ქართული ოცნების” რიგებში პირველჯერზე. მეორე, არის ჩვენგან დამოუკიდებელი საკითხები, არის პრესტიჟის საკითხი. მოდით ასე ვთქვა, რომ მძიმე სიტუაციაა იქაც იმიტომ, რომ ბორელის ვიზიტი მოსკოვში იყო სრული ფიასკო და ამაზე ევროკავშირში და ევროპარლამენტში სრული თანხმობა არის, კატასტროფა იყო ეს ევროკავშირისთვის, სილის გაწნა იყო, ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო და ამის მერე პატარა საქართველო, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირად მედიაციას იწყებს და აქაც ჩავარდა – ეს მთლიანად მიანიშნებს ევროკავშირის კიდევ უფრო ღრმა კრიზისზე, ამიტომ ბუნებრივია ისინიც პოლიტიკოსები არიან და ყველაფერს აკეთებენ და იზამენ იმისთვის, რომ პოლიტიკური რეპუტაცია გადაირჩინონ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის მიღმა ჩვენ მორალური კრიზისი გვაქვს და ასეთ ვითარებაში ოპოზიციის პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.
“ქართულ ოცნებას” ოპოზიციის ან დაყოფა უნდა, ან ყურით შეთრევა, არანაირი პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი აქ არ არის, არის შეთრევის და დაჩმორების და ვნახეთ კიდეც ისე საზიზღრად ექცეოდა წულუკიანი ელისაშვილს – თანამშრომლობაზე ლაპარაკი ზედმეტია და ასეთ ვითარებაში თქვენ მიგაჩნიათ, რომ აი ამ, პარლამენტში ოპოზიცია შევიდა და ასეთ ვითარებაში თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის განიმუხტება?! პოლიტიკური კრიზისის მიღმა ჩვენ მორალური კრიზისი გვაქვს, ამიტომ არის უფრო ღრმა ეს კრიზისი, რომელიც მექანიკურად, პარლამენტში შეთრიხინება-გამოთრიხინებით ვერ და არ მოგვარდება, უფრო ღრმა არის. ამიტომ, არაორდინალურ სიტუაციაში ვართ ხომ?! ევროკავშირის წევრიც არ ვართ, მაგრამ ამხელა ჩართულობა არის პირდაპირ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, მისი წარმომადგენლის, მინისტრთა კაბინეტი იხილავს, ახლა ამერიკის სენატი საქართველოს საკითხზე მოსმენას ჩაატარებს და ეს ყველაფერი ხომ მოწმობს იმაზე, რომ კრიზისში ვართ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.