LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი სურვილი არ არის, რომ „ლოკდაუნი“ იყოს: ეკატერინე ტიკარაძე

111
ეკა ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „მათი სურვილი ქვეყანაში „ლოკდაუნის“ დაწესება არ არის“. აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში გააკეთა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მუდმივი, მკაცრი „ლოკდაუნი“ შესაძლოა, გამოსავალი არ იყოს და ამას სხვა ქვეყნების პრაქტიკაც აჩვენებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ აირჩიოს ოქროს შუალედი და რადიკალურ ხერხებს არ მიმართოს.

„სხვადასხვა ქვეყანამ მიმართა საკმაოდ მკაცრ ღონისძიებებს. ბევრი ქვეყანა უკვე თვეების მანძილზე, 7-8 თვეა „ლოკდაუნის“ ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ეს არის ძლიერი ქვეყნები, რომლებსაც თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აქვთ იმის ფუფუნება, რომ თავიანთ მოქალაქეებს შესთავაზონ ღირსეული დანამატები, შრომითი ანაზღაურება და აქედან გამომდინარე „ლოკდაუნი“ შეინარჩუნონ ასე მკაცრად.

ნამდვილად ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ოქროს შუალედი ვიპოვოთ და არ მივმართოთ რომელიმე რადიკალურ ხერხს, არ გვქონდეს მუდმივი „ლოკდაუნი“, რაც შეიძლება არ იყოს გამოსავალი და ამას ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითზე ვაკვირდებით, მათ აქვთ „ლოკდაუნი“, მაგრამ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვთ ინფექციის გავრცელების. ჩვენი სურვილი არ არის, რომ „ლოკდაუნი“ იყოს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის და კერძო სექტორის ინტენსიური ჩართულობა. საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც გაწერა ძალიან ბევრი მიმართულებით ყველა ის ღონისძიება ეკონომიკური სექტორის მიმართულებით, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უსაფრთხოდ იმუშაონ და უსაფრთხოდ მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელიც მათ ესაჭიროებათ. თუ კერძო სექტორისგან ამ რეგულაციებზე დამყოლობა იქნება გაზრდილი და ჩვენი მოქალაქეები არ შეეცდებიან გარკვეული რეგულაციების გვერდის ავლით გამართონ გარკვეული სოციალური ღონისძიებები, ჩვენ გვექნება გაცილებით უკეთესი გამოსავალი“. – განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები