LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში – ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს

127
fortuna.ge - 2022-02-09T142206.502

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

„მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები და ამის თაობაზე მინდა, საზოგადოებას ვაცნობო. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ლევან დავითაშვილი. დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მის საქმიანობას. ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო ხუთი წელი მან ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში.

ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი განათლებით არის ეკონომისტი, კარგი განათლება, ცოდნა აქვს დაგროვილი. მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ის არის ვიცე-პრემიერი და შეუნარჩუნდება ეს თანამდებობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურნავა გუნდში რჩება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.

ლევან დავითაშვილს 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამავდროულად, ლევან დავითაშვილს უკავია ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რაც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეუნარჩუნდება.

ნათია თურნავა კი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, ლევან დავითაშვილს კი ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. ის ამავე დროს არის ვიცე-პრემიერი, რა პოზიციასაც ინარჩუნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები