LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, საქართველო მონაცემთა გაცვლის რეგიონულ ჰაბად გადაიქცეს

60
ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის, მონაცემთა გაცვლის რეგიონულ ჰაბად გადაიქცეს.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე, მედიასთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში წელს პირველად გაიმართა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელზედაც ციფრული კავშირებისა და მონაცემთა ცენტრების მოწყობის კუთხით საქართველოს შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მინისტრის თქმით, ამ თვალსაზრისით, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით დღევანდელი მოვლენების ფონზე, საქართველო როგორც სანდო დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია.

„მათ შორის ჩვენ განვიხილავთ შავი ზღვისქვეშა კავშირს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროპა და აზია მონაცემთა გაცვლის კუთხით პირდაპირ დავაკავშიროთ ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, საქართველოში, გარდა მონაცემთა გაცვლის სატრანზიტო ფუნქციისა, გაჩნდეს მონაცემთა ცენტრები. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს – გაგვაჩნია ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს სანდოობა ზოგადად არის ძალიან მაღალი. ეს საშუალებას მოგვცემს, მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველოში შემოვიდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ამაზონი“, „გუგლი“, „ეფლი“, სხვა მსხვილი კომპანიები და აქ მოეწყოს მონაცემთა ცენტრები, მოხდეს მონაცემთა გაცვლა რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის. ასევე, საქართველოში იყოს ის კვანძი, რომელიც ინტერნეტკავშირს დაამყარებს აზიის სხვადასხვა ქვეყანასა და ევროპას შორის უმოკლესი კავშირის მეშვეობით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება, რათა ციფრული ტრანსფორმაცია დაჩქარდეს, რაც ყველა დარგის განვითარებას უკავშირდება და ზოგადად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას ეძღვნება.

სამიტში ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები