LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე: მმართველ გუნდთან სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა

160
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უმრავლესობასთან სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ხატია დეკანოიძემ ამის შესახებ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების მესამე რაუნდის შემდეგ განაცხადა:

„ჩვენ ჩვენი ორი კანდიდატი შევთავაზეთ. იცით, რომ მხარს ვუჭერთ აბაშიძე-ბურჯანაძეს. მათ გამორიცხეს ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა და შემოგვთავაზეს ხუთი კანდიდატი იმ დარჩენილი სიიდან, რომელიც განხილული იყო. ჩვენი მხრიდან რეალურად იყო დაფიქსირებული, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არც ერთს არ ვემხრობით და ვემხრობით იმ შეთავაზებას, რომელიც თავიდანვე, ივლისში იყო გაცხადებული.

ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ საერთო კანდიდატზე ან თუნდაც, ორზე, ვინც საკმარის ხმებს მოაგროვებს, ჩვენი მხრიდან და არც უმრავლესობის მხრიდან პოზიცია შეცვლილი არ არის.

ჩვენ ამ ადამიანებისგან არ დავუჭერთ მხარს არც ერთ კანდიდატს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ წარვადგინეთ, ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. არ მგონია, ხუთი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმა. არ მგონია, იაგოს გარშემო უმრავლესობას ჰქონდეს პოზიტიური პოზიცია. ჩვენი მხრიდან იყო მზაობა კონსენსუსის და ამ მძიმე ვითარებაში, მოშიმშილე ადამიანები არიან ფრაქციაში, შევხვდით და გავიარეთ, რადგან მართლა არის მზაობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპზე საერთო კონსენსუსი ვერც ერთი კანდიდატის გარშემო ვერ გამოინახა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – პროფესიული თვისებებით და სტანდარტებით, ბურჯანაძე და აბაშიძე გაცილებით გამოირჩევიან იმ ხუთეულისგან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის კანდიდატების საკითხზე პარლამენტში პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. დღეს აღნიშნულ საკითხზე რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები