დევნილებმა „დირსის“ საცხოვრებელი კორპუსი დატოვეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად მოხდება ყველა ოჯახის საკითხის განხილვა. ბინებს მიიღებენ ისინი, ვინც სამინისტროს მიერ გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
ერთ-ერთი დევნილის განცხადებით, მოლაპარაკებები შედგა მათთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით და დაპირება მიიღეს, რომ უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან ფართებით. მისივე თქმით, ვინც რეგიონშია ჩაწერილი, ფართს რეგიონში მიიღებს, ხოლო თბილისში ჩაწერილები, ფართს თბილისში მიიღებენ.
„დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას მოითხოვდნენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახი იყო შესული.