თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში პროკურატურა მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს, კონკრეტულად კი ე.წ. სატელიტის ფოტოების ნაწილს.
ოჯახის ადვოკატი ამ საკითხზე მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას.
მას დღეს პროკურატურაში პირადი ტელეფონი ჩამოართვეს და დალუქეს. რამიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ რის გამო ჩამოართვეს ტელეფონი, მაგრამ ამბობს, რომ იქ ვერაფერს იპოვიან.
“რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. ჩემ ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ, მე ამის არ მეშინია. არ უნდათ, რომ ამ საქმეში მე ვიყო, რადგან იმ ინფორმაციებს ვაჟღერებ, რომლის მიხედვითაც, ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო არის მოკლული”, — განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა საქმის ახალ ფიგურანტზე ისაუბრა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს, პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს ფლეშკებს და აძლევდა გარკვეულ მითითებებს.