„ქართულ ოცნებას“ რთულ ვითარებაში უწევს ქვეყნის მართვა. მის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები არ არის მხოლოდ ადგილობრივი ეტიოლოგიის. მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და „ნაციონალური მოძრაობის ეპიდემია“, რომელსაც „ტვინდემიის“ საფრთხე აქვს და მასზე მოქმედი ეგზოგენური ფაქტორებიც არ არის შემთხვევითი,“ – ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს საზოგადოების და სახელმწიფოს დაცვა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებებისგან.
„ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს აქვს რამდენიმე მიმართულება დასაძლევი: შეაჩეროს პანდემია და მისგან გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე, ამავე დროს შეძლოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებებისგან.
არჩევნების შემდეგ ამომრჩევლები მმართველი გუნდისგან ელოდებიან რეალურ ქმედით ნაბიჯებს, რისთვისაც ოპოზიციამ მინიმუმ ხელის შეშლაზე უნდა თქვას უარი და ობიექტურად შეხედოს რეალობას, მისი დანახვა კი მარტივია.
საზოგადოება მხარს უჭერს სტაბილურობას და არა ქუჩის აურზაურს. არჩევნები დასრულდა, ქუჩა უნდა დავამთავროთ და გადავიდეთ საქმეზე“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.