„რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი აგრესიული გეგმები არ აქვს“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვინ ვის დაესხმება თავს – რუსეთი უკრაინას თუ უკრაინა რუსეთს? ამერიკული და უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, თავდასხმისთვის და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უკრაინა გეგმავს აგრესიულ ქმედებებს დონბასის წინააღმდეგ, ეს არის ნიუანსი, რომელიც საჭიროებს სწორად გაგებას და ინტერპრეტაციას. სხვადასხვა დონეზე არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს და არანაირ აგრესიულ გეგმებს არ აყალიბებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Bloomberg-ი ინფორმირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის დაზვერვა ევროპელ მოკავშირეებს უზიარებს თავის მონაცემებს, მათ შორის, რუკებსაც, რომლითაც აშკარა ხდება, რომ რუსეთი განიხილავს სწრაფი, ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის განხორციელების სცენარს უკრაინის წინააღმდეგ, რამდენიმე მიმართულებით და შემდგომი ხანგრძლივი ოკუპაციით, თუკი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს შეჭრას.