პარლამენტში საარჩევნო რეფორმის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დღეს პირველი სხდომა გამართა.
ფორმატში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები.
დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმია, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა.
რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით არ ჩატარდება.
„საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა – ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა აირჩეს და ჟვანია სავარძელში როგორ ჩაფრინდება?!“. – აცხადებს ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, ქვეყანას ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ ეყოლება.
“მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება – უნდა იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე”. – განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს მოქმედი წევრების, მათ შორის, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა: ცესკო
შარაბაძის განუცხადებით, ვადის ფარგლებში უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს.
“მოქალაქეების” ლიდერის ლევან იოსელიანის განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება.
„დღეს შედგა პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. გავაცანით ჩვენი გეგმა, როგორ ვაპირებთ მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტების ასახვას კანონმდებლობაში და ვთხოვეთ, რომ თავიანთი მოსაზრებები გამოაგზავნონ“. – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, ეს იყო გაცნობითი შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ლევან იოსელიანის განმარტევით, ის ცესკოს თავმჯდომარე ვეღარ იქნება.
„ეს რეფორმა ამას გულისხმობს. სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რაც ჩვენ დავდეთ. ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან განსხვავებული წესი შემოდის ცესკო-ს დაკომპლექტების. ამ წესის მიხედვით ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის თანამდებობაზე აირჩიონ. თუ მემორანდუმი არ შესრულდება, პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს“. – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც უმრავლესობასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა