“მე ვარ ბიძაჩემის მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად – უნდა გამოვსულიყავი ტელევიზორში, რომ ბიძაჩემის ჰონორარებს ვიღებ?!” – ამის შესახებ ელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძამისი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო გამოჩენილი სცენოგრაფი და თავად სწორედ ამის გამო იღებს ჰონორარს.
„მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება, სწრაფად გაგცეთ პასუხი, რა დაფინანსებას იღებს გოგი ხოშტარია და არა მისი ქალიშვილი. ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში.
მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად.
ბიძაჩემს ჰქონდა გასტროლებიც, თეატრებთან ერთად, ასევე პერსონალური მიწვევა დადგმაზე მილანში, რომში, პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, ამერიკაში. იქიდან რა ჰონორარი მოდის, გესმით არა?! ეს მოდის წელიწადში, დაახლოებით სამჯერ. რატომ არის ეს რუსული ფული?! უნდა გამოვსულიყავი ტელევიზორში, რომ ბიძაჩემის ჰონორარებს ვიღებ?! დავმალე?! ბანკში არ იციან?!“, – განაცხადა გოგი ხოშტარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.