ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მიხედვით, სხვადასხვა უწყებას დაფინანსებები ეზრდება. 

დაფინანსებები დღეს, 19 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარადგინა და განაცხადა, რომ 80 მილიონი ლარით გაიზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც, საიდანაც შეიარაღებაზე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს:

„20 მილიონი ლარი 7 მილიონი დოლარია, რა უნდა ვიყიდოთ, ერთი ცალი თოფი, თუ ჯაყვა-დანა 7 მილიონ დოლარად? უბრალოდ უხერხულია, ან გვითხარით, ვინმე თუ ისეთი იცავს ამ ქვეყანას, რაღაც განსაკუთრებული წმინდანი ან განსაკუთრებული მადლი, საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

თუ ქვეყანა და სახელმწიფო ვართ, პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობას დაფინანსება სჭირდება, მაგრამ ამ რეალობაში, ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ორი მეზობელი რომ ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლს უხსნის, 7 მილიონი დოლარის იარაღი უნდა ვიყიდოთ. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა უბრალოდ რომ არ არსებობს, თუ გნებავთ განახვებთ დოკუმენტს, რაც შსს-დან მივიღე, არანაირი სამოქალაქო თავშესაფარი არ არსებობს. აბსოლუტურად მოშლილია თავდაცვის სისტემა, მარტო ჯარი გვყავს და რის იმედად ვართ და არხეინად ვართ? ამას არანაირად არ დავუჭერ მხარს. ჩემი აზრით, თავდაცვის ბიუჯეტი, სულ მცირე, გაორმაგებული მაინც უნდა შემოვიდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, 70 მილიონი ლარით არის გაზრდილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც, საიდანაც 50 მილიონი ლარი სამაშველო ვერტმფრენების შესაძენად არის გამოყოფილი. ამასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:

„ასევე შვეულმფრენებთან დაკავშირებით. ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი არ გვჭირდება? თუ სულ თურქეთს უნდა ვეხვეწოთ, რომ ცეცხლი ჩაგვიქროს ვიდრე არ გადაიბუგება ხოლმე ნახევარი ტყე. ბარემ სამაშველოსთან ერთად ჩავსვათ ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი, ეს არ გვჭირდება? გულახდილად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის გამაოგნებელია“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ფინანსთა სამინისტრო: სამაშველო ვერტმფრენების შესაძენად 50 მილიონი ლარი გამოიყოფა

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები