“თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის – კარგია” – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
„როდესაც ვთქვი არაადეკვატურია-მეთქი, თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო. მეზობელი რუსეთი, ოკუპანტი გვაბრალებს, რომ ჩვენ და ბულგარეთი ჩართული ვიყავით ტონობით ასაფეთქებლის გადატანაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, დიდი ალბათობით, უკრაინელებმა აუფეთქეს. ახლა რუსეთი ხომ არ იტყვის კონტრდაზვერვა მოშლილი მაქვსო, ამიტომ ვიღაცებისკენ, მათ შორის ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას, რა მოჰყვება, ღმერთმა იცის. თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის – კარგია, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ რომელიმეს ჩვენთან მიმართებით ხელი არ წაუცდება? ეს არაადეკვატურობა მაგიჟებს. ახლა პირიქით უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ, მაგალითად, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სფეროში ცოტა ქამრები შემოვუჭიროთ. კადიროვს რომ თავში რამემ დაარტყას, თქვენ გააჩერებთ? “,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კი, ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყველა სფერო ვერ გაჩერდება და მთელი ბიუჯეტი თავდაცვას ვერ მოხმარდება.
„ამბობთ, შემოვიჭიროთ ქამრებიო – იქნებ წარმოადგინოთ, რას ფიქრობთ? რთვლის 70 მილიონი რომ თავდაცვას ვერ გადაარჩენს და რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ხომ ვიცით?! 700 მილიონიც ახსენეთ – აქედან 50 მილიონი მარტო პენსიაა, არ გავზარდოთ პენსია და ყველაფერი თავდაცვაზე გადავიტანოთ? თუ ის რისკები მატერიალიზდება, რაზეც საუბრობთ, რაც ჩვენს რეგიონში მუდმივადაა, უნდა გავაჩეროთ ყველაფერი, არავინ ხელფასი არ უნდა აიღოს და ყველაფერი მოვახმაროთ ქვეყნის გადარჩენას. არ იქნება სწორი, რომ ყველაფერი გავაჩეროთ და რისკების გვეშინოდეს. ეს რისკები არსებობს, მზადყოფნა უნდა გვქონდეს, თუმცა ინფრასტრუქტურას მოვაკლოთო – წყალი არ აქვს ბევრ ქალაქს, აღარ გავაკეთოთ არაფერი? შეიძლება რომ წყლის პროექტი არ დავიწყოთ და გამოთავისუფლდება 50 მლნ, მაგრამ ეს სურათს არ შეცვლის. რომ ვამბობთ, რომ 3-4-ჯერ მეტი დაფინანსება უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ ქვეყანა უნდა გადაეწყოს, მოვაკლოთ ყველაფერს ყველაფერი, გავზარდოთ გადასახადები, თუ ეკონომიკა არ განვითარდება, ნუ განვითარდება, არაუშავს და შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ დასაცავი არაფერი გვქონდეს. არაადეკვატურობა იქნებოდა ის, რომ არაფერი გაგვეკეთებინა და ეს ფული თავდაცვაზე გადაგვეტანა“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
