პლატფორმა mona.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ისტორიკოსი გიორგი კალანდია მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს“, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, გიორგი კალანდიას სიაში შეყვანა „გულისამრევია“.
„პროექტი მონა.ჯი ისედაც საძაგლობად მიმაჩნდა და გიორგი კალანდიას მანდ შეყვანა არის კიდევ უფრო გულისამრევი.
გიორგი კალანდიას ვიცნობ 25 წელია და ცოტა ვინმე თუ ვიცი მასავით შეპყრობილი. საქართველოთი და მუზეუმებით შეპყრობილი. რადიო „აუდიენციაში“ ვმუშაობდით ერთად და ზუგდიდის დადიანების სასახლიდან კომუნისტების დროს, 30-იან წლებში დაკარგული ნივთი აღმოაჩინა რომელიღაც ევროპულ აუქციონზე.
ჯამლეთ ბაბილაშვილი იყო მაშინ გენერალური პროკურორი, იმდენი იჩალიჩა ეს ნივთი პროკურატურის მეშვეობით, დაუბრუნა ზუგდიდის მუზეუმს. ასეთი ათობით ამბავი შემიძლია მოვყვე კალანდია-მანიაკზე. ჰოდა, სხვისი ლანძღვის გარდა ცხოვრებაში არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ, იმათ კალანდიას გაკეთებულის მეათასედი მაინც გაუკეთეთ საქართველოს და მერე აქვეყნეთ სხვები თქვენს ამაზრზენ საიტებზე“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
პროექტი მონა.ჯი ისედაც საძაგლობად მიმაჩნდა და გიორგი კალანდიას მანდ შეყვანა არის კიდევ უფრო გულისამრევი. ვიორგი …
Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on ხუთშაბათი, 07 დეკემბერი, 2023
ცნობისათვის, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შექმნეს ვებპლატფორმა mona.ge, რომლის მიზანი, მათი თქმით, ონლაინ რეჟიმში „ქართული ოცნების“ რუსეთთან კავშირების, საარჩევნო დარღვევებისა და კორუფციული გარიგებების მხილებაა.
რაც შეეხება გიორგი კალანდიას შესახებ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას, მასში წერია:
„გიორგი კალანდია მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული და გადამოწმებული ინფორმაციით, კალანდია პირადად იბარებს მუზეუმების თანამშრომლებს, აფრთხილებს პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით და მეტიც, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით, ყველა თანამშრომელთან პირად საუბარს თუ თათბირს იწერს. მასთან დაპირისპირებას შეეწირა დადიანების მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელი“.