LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: რატომ გადასახლდა ოჯახთან ერთად ბორჯომში 2 წელი დათო არჩვაძე და როგორ ახერხებს თბილისსა და რეგიონებში მოსწავლეების მეცადინეობას

1702
დათო არჩვაძე

დათო არჩვაძე პანდემიის შემდეგ ძალიან გააქტიურდა. მან ორი წელი ოჯახთან ერთად ბორჯომში გაატარა, სადაც უამრავი ახალი სიმღერა შექმნა, მათ შორის კომპოზიცია სამაჩაბლოს შესახებ, რომელსაც მალე მოვისმენთ.

დათო არჩვაძემ პანდემია ძალიან კარგად გამოიყენა ახალი სიმღერების შესაქმნელადაც და ასევე რეგიონებში მუსიკალური სტუდიების დასაფუძნებლადაც.

დათო, დიდი ხანია, შენთან ინტერვიუ არ გვქონია. რას საქმიანობ ამჟამად?

როგორც ყველა ხელოვანი, პანდემიის შემდეგ, ასმაგად გავაქტიურდი. ამ პანდემიამ კარგად დაგვასვენა, ოჯახის წევრები, ფაქტობრივად, სხვანაირად, სიღრმისეულად გაგვაცნო. მე ყველა ცუდ მოვლენას მაინც პოზიტიური კუთხით ვუყურებ,  ბევრი დადებითი დატოვა კოვიდპანდემიის ჩაკეტილობამ – ბევრი მახინჯი მხარე აალაგა, რაც ქართველებს არ მოგვწონდა, 500-კაციანი ქელეხები თუ სხვა რამ.

რაც შეეხება შემოქმედებით კუთხეს – ხელოვანებს მოგვცა საშუალება, გადაგვეხალისებინა ჩვენი თავი და შემოქმედება, სხვანაირად დაგვაფიქრა ცხოვრებაზე. მოვემზადე იმისთვის, რომ როცა ყველაფერი განახლდებოდა, ასმაგი ენერგიითა და ენთუზიაზმით შევდგომოდი საქმეს. უფრო დავიტვირთე და ამ ეტაპზე, პედაგოგიური საქმიანობით – განსაკუთრებულად. ამასთან, ჩემი ტყუპები მივიყვანე სკოლაში პირველად. ჩემს ვაჟკაცს, ნიკოლოზს, ფეხბურთის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა და ვნახოთ, დიდ იმედებს ვამყარებთ, სერიოზული მონაცემები აქვს. ჩემი და სხვისი შვილების სწავლა-განათლებით ვარ დაკავებული. მყავს უნიჭიერესი მოსწავლეები, თბილისში – ორ ფილიალში, ნაძალადევსა და საბურთალოზე და ასევე რეგიონებში, ბორჯომსა და ხაშურში ვამეცადინებ მოსწავლეებს.

ამას როგორ ახერხებ?

მეც არ მჯერა და მინდა, ვიღაცამ დამაჯეროს (იღიმის). ყოველთვის მქონდა ოცნებად, რომ ჩემი მუსიკალური სტუდიებით რეგიონებშიც გავსულიყავი. მე და ჩემი მეუღლე, პანდემიის სრული ორი წელი, ბორჯომში, ახალდაბაში გადავედით საცხოვრებლად. ბორჯომში მოვიწყე პატარა რაჭა (იღიმის). ჩემს ოჯახთან ერთად ზღაპარში ვცხოვრობდი, იქ მქონდა დრო, რომ ახალი სიმღერები შემექმნა… მინისტუდიაში ბევრი საინტერესო და განსხვავებული სიმღერა შეიქმნა, ერთ-ერთი მაშინვე შეასრულა ეკა მამალაძემ. საოცარ ბუნებაში, ტყეში ვცხოვრობდით, ძალიან ჯანსაღ გარემოში, სუფთა ჰაერზე და ეს პირდაპირ მისწრება იყო თბილისური ჩახუთულობის შემდეგ. ერთხელ წყლიდან ამოსული შველიც კი დავინახეთ, ტყიდან ღამე ცხოველების ხმა გვესმოდა… ძირითადად, სულ იქ ვიყავით, კოვიდიც ტყესთან ახლოს ცხოვრებისას მოვიხადეთ…

ახლა ისევ თბილისში დავბრუნდით, მაგრამ ამ პერიოდმა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაზე ძალიან დადებითი გავლენა იქონია. ამასთან, რეგიონებში მუსიკალური სტუდიების გახსნაც მაშინ მოვახერხე. მოვიდა სასწაული თაობა, ვმუშაობ შერეული გუნდის პრინციპით, არიან გოგონებიც და ბიჭებიც. დავდივარ ხაშურსა და ბორჯომში დავდივარ და ჩემს მოსწავლეებს ავსწავლი ყველაფერს, სიმღერასაც და ყველაფერ იმას, რაც შეიძლება, პატარას ასწავლო – ზრდილობა, ქართული სიმღერის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. ამ მხრივ გამორჩეული სტუდიაა, შერეული გუნდით ყველა ასაკში.

ჯერ კიდევ პანდემიამდე დავიწყე პროექტი  – 20 წლის განმავლობაში 16 წლის ზევით უარით ვისტუმრებდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიმღერის პროფესიონალურად შესწავლა სურდა, მაგრამ ერთი ჩემი მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით, გადავწყვიტე, მიმეღო 16 წელს ზევით ნიჭიერი ადამიანებიც და გამოვაცხადე უმკაცრესი კასტინგი. სერიოზული ნიჭის მქონე გოგო-ბიჭები მივიღე – სახალხო პროექტი გამოვიდა, რომელსაც პირობითად დავარქვი „გადაარჩინე ნიჭი“. შემიძლია ვთქვა, რომ მათი ნიჭიც გადავარჩინე და  თუ მხოლოდ ოჯახურ წრეში ჰქონდათ წარმოჩენის საშუალება, ახლა უკვე შეუძლიათ პროფესიონალურ გუნდში იმღერონ. საკამოდ სერიოზულ რეპერტუარზე მიდის მუშაობა – ჩემი საავტორო სიმღერა იქნება თუ დიდი კომპოზიტორების სიმღერები… ინდივიდუალური რეპერტუარია, მარტო ჩემს გუნდს რომ ექნება, ისეთი. მინი კაპელას ფორმატია, საესტრადო სიმღერის კუთხით საქართველოში არ არსებობდა და მეამაყება, რომ პირველი ვარ, ვინც ეს იდეა განახორციელა.

დათო, შენი შვილები მღერიან?

აქაც პანდემიას დავიხმარ – აღმოჩნდა, რომ ჩემი სამივე შვილი ერთმანეთზე უკეთ მღერის, თუმცა მშობელი ასმაგად კრიტკული ხარ საკუთარი შვილების მიმართ და რაღაცანირად არ ვაქცევდი მათ ამ ნიჭს ყურადღებას. პანდემიის დროს მოვიცალეთ. ასაკით პატარები არიან. სარეპეტიციოდ არ მისხდებიან ჯერ, ბავშვები ცელქები არიან. ბუნებრივად, რეპეტიციის გარეშე ამღერდნენ. რაც დაიბადნენ, ლაპარაკთან ერთად შეიყვარეს ბატონი ზურა ბოკუჩავას სიმღერა. შემდეგ მას ვთხოვე ნებართვა, რომ გადაცემაშ გვემღერა, ოთხი წლის ასაკში და გადაცემა „მელორამას“ რეიტინგი მოხსნეს. მას მერე ძალიან გავაქტიურდით. სახლში მღერიან, ჯერჯერობით ვერ მოვიცალე, რომ ჩემივე გუნდში ვატარო. ალბათ, შემოგვიერთდებიან სტუდიაში და ეს ძალიან მახარებს. პანდემიამდე სხვისი შვილების გამო საკუთარისთვის ვერ ვიცლიდი, მუსიკალურად რომ მიმეხედა, პანდემიის მერე პირიქით – შვილებისთვისაც მოვიცალე ამ კუთხით.

ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ დავწერე სიმღერა სამაჩაბლოზე. სამი სიმღერის ავტორი ვარ აფხაზეთზე – სულ ოცნებად მქონდა, დამეწერა სიმღერა სამაჩაბლოზე. თინათინ ჭულუხაძე, რომელიც ორჯერ არის დევნილი სამაჩაბლოდან, თავისი თაობის ერთ-ერთი საოცარი წარმომადგენელია, „ჯეოსტარის“ გამარჯვებული – თინამ მთხოვა, ხომ არ მექნებოდა მისთვის სიმღერა და ზუსტად დაემთხვა, რომ სამაჩაბლოზე სიმღერას ის შეასრულებს არც მეტი, არც ნაკლები – „ქართულ ხმებთან“ ერთად. დიდი მადლობა გორის მუნიციპალიტეტს, რომ ამ პროექტის შექმნაში ფინანსური დახმარება გაგვიწია. ლექსის ავტორი გახლავთ მამა პეტრე კოლხი. მასთან ერთად „ფრთამოტეხილ მაფშალიაზე“ მუშაობა საეტაპო აღმოჩნდა როგორც ჩემს საავტორო მუსიკაში, ასევე მისთვის, როგორც პოეტისთვის და ნათია თოდუასთვის, რომელიც გერმანიაში ბრუნდებოდა, მაგრამ ამ სიმღერამ დატოვა საქართველოში, სიმღერის ჩასაწერად დარჩა და რამდენიმე დღის წინ, მოგეხსენებათ, ღირსების ორდენიც მიიღო… ლიზა ჩიჩუასაც ვახსენებ აუცილებლად და ბატონ მურმან ჯინორიას, რადგან მისი მონაწილეობა ამ სიმღერის წარმატების ფორმულა იყო… ისტორიაში ჩაეწერა ვიდეოც, რომლისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ლევან აბულაძეს.

სამაჩაბლოში სიმღერასაც დიდი დატვირთვა აქვს. საესტრადო ტიპის სიმღერა სამაჩაბლოს შესახებ არ მახსენდება, შეიძლება, არსებობს და მე არ მახსენდება… როგორც მე განვიცადე დაკარგული ტერიტორია და ჩემი საქართველოს ტკივილი გაასმაგებულია, როგორი პასუხისმგებლობითაც შევქმენი ეს სიმღერა, როგორი გულიც ჩავდე, იმედი მაქვს, იმავე გულით გაითავისებს მსმენელი და ძალიან ემოციური იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მას მოისმენს. უახლოეს პერიოდში ჩაიწერება და შედგება მისი პრემიერა!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ვიდეო: დათო არჩვაძე ცნობილ მოსწავლესთან ნიკოლოზ ხარატთან და თავისი სტუდიის ბავშვებთან ერთად

ვიდეო: ნიკოლოზ ხარატისა და „კაი ამბავის“ აჭარული, რომელიც სოციალურ ქსელების ჰიტი გახდა და 8500-მა ადამიანმა გააზიარა

ვიდეო: დათო არჩვაძის საავტორო საღამო გაიმართა: „ახალ სიმღერებს არ მოგაკლებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g