LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: თამუნა ნიკოლაძე და ბაჩო ქაჯაია ,,მთავარი არხის” ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ

12057
tamuna nikoladze bacho qachaia

თამუნა ნიკოლაძე და ბაჩო ქაჯაია, წლების შემდეგ, გადასაღებ მოედანს ისევ ერთად დაუბრუნდნენ. ამჯერად ისინი ცოლ–ქმარს არ ითამაშებენ. თუ როგორ პერსონაჟებს განასახიერებენ, ეს საიდუმლოა, მაგრამ  სერიალისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს იქნება სიტუაციური კომედია, სახელწოდებით „დიდი ოჯახი“, რომელიც მალე „მთავარი არხის“ ეთერში გავა. მსახიობები გადასაღებ მოედანზე ერთად დაბრუნების შეგრძნებას ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღწერენ და იმედოვნებენ, რომ ახალი პერსონაჟებითაც ისევე შეაყვარებენ მაყურებელს თავს, როგორც ეს „შუა ქალაქის“ შემთხვევაში მოხდა.

თამუნა ნიკოლაძე:

გადასაღებ მოედანზე ისევ ერთად აღმოჩენა ნამდვილად კარგი შეგრძნებაა, ძალიან კარგი. განსაკუთრებული ის არის, რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა ერთად მუშაობა, რადგან ერთმანეთი გამოვზარდეთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და რაც მთავარია, გვიყვარს ერთმანეთი და საქმეც გამოვა, რა თქმა უნდა.

ბაჩო ქაჯაია:

იცით, როგორი შეგრძნებაა? სადღაც რაღაცას რომ შეჭამ და ბავშვობა გაგახსენდება. სუნამოს სუნი რომ ბევრ რამეს გახსენებს, ბებია რომ გაგახსენდება ხაჭაპურზე, სწორედ ამას შევადარებდი გადასაღებ მოედანზე ისევ ერთად შეკრებას.

როგორ მიიღეთ შემოთავაზება სერიალში მონაწილეობაზე?

შეთავაზება მივიღეთ ჩვენი დიდი ხნის მეგობრის, პედაგოგის და რეჟისორისგან…

თამუნა:

მე პირდაპირ ვიტყვი, სიტიკომის ღმერთისგან, ასე ვეძახი გოჩა კორხელაურს. სიტუაციური კომედია მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. დასაფიქრებელი არაფერი იყო, რადგან ვიცოდი და გარანტია მქონდა, რომ ამ პროექტზე იმუშავებდნენ ძალიან კარგი რეჟისორი და გუნდი.

ბაჩო:

შეთავაზება რომ მივიღეთ, სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან ეს სწორედ ისეთივე შეგრძნება იყო, რაზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ. როცა შემოქმედებითი ნდობა გაქვს, შენი პროფესიული ნაბიჯები უფრო თამამი ხდება.

რა შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ახალი სერიალისგან რას უნდა ელოდოს მაყურებელი?

ფორმატი არის კარგად ნაცნობი, სიტუაციური კომედია. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მე და თამუნა ამ სერიალში ცოლ–ქმარს არ ვთამაშობთ, რაღაც კავშირი გვაქვს, თუმცა ამას უკვე სერიალის მაყურებელს დავუტოვებთ სიუპრიზად. გაგიმხელთ იმას, რომ ჩვენთვის სულაც არ არის ადვილი, რადგან ოქროს შუალედი გვაქვს მოსაძებნი, მსგავსებების ასარიდებლად. ვფიქრობ, განსხვავებული პერსონაჟები და მათი განვითარება მოგვცემს ამის საშუალებას. გვაქვს გამოხატვის სხვადასხვა ხერხი, რასაც გამოვიყენებთ ახალი პერსონაჟების შექმნისას.

თამუნა:

რა თქმა უნდა, იქნება სხვა სერიალი, სიტუაცია, მაგრამ მიმართულება და ჟანრი ერთი და იგივეა. პროფესიით სხვადასხვა ადამიანი ვიქნებით, ზოგი დასაქმებული, ზოგი დაუსაქმებელი, ზოგი დაოჯახებული და ზოგიც – არა. მსახიობისთვის ძალიან საინტერესოა ახალი პერსონაჟის, გმირის მორგება. ჩვენთვის ძალიან კარგი რამ მოხდა, რადგან სიახლე ყოველთვის გზრდის და უფრო მეტი ინტერესითაც უდგები.

იმდენი გამოხმაურებაა, რაც ჩვენი პრომოები დაიდო, იმდენი ადამიანი წერს, რომ ძალიან სასიამოვნოა.

ბაჩო, სირთულეზე საუბრობდით, რომ უკვე შექმნილ პერსონაჟს უნდა გაექცეთ…

პერსონაჟის პოპულარობას სხვადასხვა ეტაპი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით, ასეა. პირველი ეტაპია, როდესაც ქუჩასა და საზოგადოებერივი თავშეყრის ადგილებში პერსონაჟის სახელით მოგმართავენ. ეს დღემდე გრძელდება. შემდეგი ეტაპია უკვე, როდესაც სხვა სერიალის გმირის სახელით მოგმართავენ ან სპექტაკლით ინტერესდებიან და აღნიშნავენ, რომ ესეც ნანახი აქვთ. შემდეგია უკვე შენი სახელისა და გვარის ხაზგასმა და იმის თქმა, რომ ესეც იციან… ჩვენ „შუა ქალაქში“ შექმნილ პერსონაჟებს არ გავურბივართ, რადგან გვიყვარს ის გმირები, მაგრამ სპორტული ინტერესი გვაქვს და ვფიქრობთ, ეს შეუძლებელი არ არის, რომ ახალი გმირები შევქმნათ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ჩვენ, ასევე რეჟისორი, სცენარისტები და მთელი გუნდი, ვინც ახალ სერიალზე მუშაობს.

თამუნა:

ყველაფერი სრულდება ამქვეყნად, სერიალიც, ფილმიც, სპექტაკლიც. ამაში უჩვეულო არაფერია. პირიქით. როცა სერიალი რამდენიმე წელი არსებობს, ჯობს, რაღაც მოსანატრებელი დატოვო, ვიდრე თავი მოაბეზრო. „შუა ქალაქიდან“ ხალხმა გაგვიცნო და მართლა მთელმა საქართველომ შეგვიყვარა, მეც, ბაჩოც და ყველა დანარჩენი მსახიობიც. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ სიყვარულისთვის საქართველოს, მაგრამ ბუნებრივია, მსახიობი არ უნდა გაჩერდეს, მონაწილეობა მიიღოს ახალ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში, რატომაც არა. მით უმეტეს, როდესაც შეთავაზება გაქვს გამოცდილი პარტნიორებისგან. აქ ყველაფერს მხოლოდ პოზიტიურს ვხედავ.

„შუა ქალაქში“ რომ მიხვედით, ისეთი გამოცდილება არ გქონდათ, როგორიც ახლა გაქვთ, როცა „დიდ ოჯახს“ იწყებთ…

„შუა ქალაქში“ 14 წლის წინ მივედით. ვიყავით პატარები, გამოუცდელები, მე და ბაჩოს თეატრალურ უნივერსიტეტში ფანტასტიკური პედაგოგი გვყავს, ძალიან კარგი გაკვეთილები გვიტარდებოდა, მაგრამ იქ კამერასთან შეხება არ გვქონია. თავის დროზე ძალიან მაგარი რამ მოხდა, როცა ამ სერიალში მივედით და ეს გამოცდილება მივიღეთ.

ბაჩო:

მაშინ, როგორც მსახიობები, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს ვეძიებდით, ახლა კი, რა თქმა უნდა, სულ სხვა გამოცდილებით მოვედით გადასაღებ მოედანზე. ახალი სერიალი ჩვენს ცხოვრებას, როგორც მსახიობების, ძალიან საინტერესოს გახდის.

როგორ ფიქრობთ, რა განსაკუთრებული პეწი ექნება ახალ სერიალს, რის გამოც მაყურებელს ტელეეკრანთან იწვევთ?

თამუნა:

იმ დროში, როცა „შუა ქალაქს“ ვიღებდით, იყო ის იუმორი, ხუმრობები, რომლებიც იმ დროს იყო მორგებული, აქტუალური და დახვეწილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ დროის გასვლის შემდეგ, ის სხვა თაობისთვისაც გახდა მისაღები. გავიდა 13–14 წელი და იმას გაესმევა ხაზი, რაც ახლა არის აქტუალური და რაზე შეიძლება, რომ დღეს ვიხუმროთ. უნდა აღვნიშნო, რომ ახალი სერიალი ყველა თაობას დააინტერესებს. „დიდი ოჯახი“ იქნება ძალიან კეთილი, მეგობრული და ოჯახური სერიალი. ვფიქრობ,  ტელეეკრანთან 3 წლიდან 103 წლამდე შეგვიძლია მოვიხმოთ მაყურებელი.

ბაჩო:

ზოგადად, ეს ფორმატი ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყველასთვის მისაღები, გასაგები და სახალისო. ის 40 წუთი მაყურებელი უნდა დაჯდეს ტელევიზორთან, მოახერხოს განტვირთვა, ისიამოვნოს და ოჯახთან ერთად უნდა უყუროს მომავალში ალბათ მისთვის საყვარელ სერიალს.

დღეს, როდესაც „შუა ქალაქის“ ყურება სხვა თაობამ დაიწყო, რადგან სერიები მეორდება და მათთვისაც მისაღები აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სერიალმა და პერსონაჟებმა დროში იმოგზაურეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენს საქმეში გულწრფელები ვყოფილიყავით. ახლაც გულწრფელები და ყველაფრის გამკეთებლები ვართ, რომ საქმე გამოვიდეს.

თქვენთვის კარანტინის დასასრული საუკეთესო რაღაცის დასაწყისი აღმოჩნდა.

თამუნა:

პირდაპირ პიჟამოებიდან აღმოვჩნდით ბრჭყვიალა კაბებში. ორთვიანი ცხობისა და საჭმელების კეთების შემდეგ უცბად – ჰოპ და გადასაღებ მოედანზე ჩავხტით.

ბაჩო:

მე სამწუხაროდ, არ ვაცხობდი (იცინიან).

შინ ჯდომამ წონის მატებას ხომ არ შეუწყო ხელი?

ცოტა მოვიმატე, მაგრამ იმედია, ფორმაში მალე ჩავდგები.

თამუნა:

ბაჩომ მითხრა, რომ ძალიან კარგად გამოვიყურები, ასე რომ, აღარ ვდარდობ.

საუკეთესო კომპლიმენტები გახსოვთ, რაც თქვენი პერსონაჟების გამო მიგიღიათ?

ბაჩო:

ერთ ამბავს გავიხსენებ. ქუჩაში გამაჩერა ერთმა ქალბატონმა და ასეთი რამ მითხრა, ჩემი მეუღლე შინ რომ ბრუნდება, ვახშამს რომ ვუწყობ, დამატებით ოთხ თეფშსა და დანა–ჩანგალსაც ვაწყობო, თქვენს სერიალს უყურებს და თან, „შუა ქალაქის“ პერსონაჟებთან ერთად „ვახშმობს“, მიმართავს და უჭახუნებს ჭიქას ლაშას თუ ირაკლისო…

ალბათ,  იმედი გაქვთ, რომ ახალი სერიალის პერსონაჟებთან ერთადაც „ივახშმებს“ ხოლმე ასე…

ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს.

თამუნა:

იმ დროს, როცა ჩვენი სერიალი გადიოდა, გოგონებს არქმევდნენ ქეთევანს და თამარს. ხშირად გამიგია, ტყუპისთვის დაურქმევიათ. ამაზე მეტი კომპლიმენტი რა გინდა, მამა და დედა რომ საკუთარ შვილს შენი პერსონაჟის სახელს დაარქმევს.

ფაქტია, რომ თქვენთვის გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას და ამ შეგრძნებების გაღვიძებას დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმატებებს გისურვებთ.

დიდი მადლობა!..

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია