LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი ხვალიდან ლარის დასტაბილურებას 40 მილიონი დოლარით შეეცდება

416
koba-gvenetadze

ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის – ამის შესახებ განცხადება თავად ბანკმა გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ოფიციალური კურსი გახდა ცნობილი.

მათივე განცხადებით, კურსმა დღეს ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

ეროვნული ბანკი მზადაა რეზერვები კურსის გამყარებისთვის მომავალშიც გამოიყენოს.

“ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,” – ნათქვამია განცხადებაში.

31 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.11 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3127 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.38 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5374 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6170 ლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები