ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს ნამუშევრების გასწორება, თუმცა პირველადი შედეგების გამოცხადება შარშანდელისაგან განსხვავებით, შესაძლოა, რამდენიმე დღით დაგვიანდეს. ამის მიზეზად მაია მიმინოშვილი განრიგის შეცვლას ასახელებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და ზოგადად აპლიკანტები ამას გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადება. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ეტაპობრივად გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, რომელსაც შემდგომში მოსდევს უკვე აპელაციის პროცესი“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, განრიგის შეცვლის გამო, გადაიწევს აბიტურიენტების საბოლოო არჩევანის გაკეთების ვადაც.

„აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ცვლილებები შეიტანონ საკუთარ არჩევანში აპელაციის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ეს შეიძლება არ იყოს 15 აგვისტო, აპელაციის შედეგების გაცნობის შემდეგ კიდევ ერთი დღე ექნებათ, რათა შეცვალონ არჩევანი“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი წლევანდელი განრიგის შეცვლის მიზეზად მაღალ ტემპერატურას ასახელებს. მისი თქმით, საგანგებო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, პროცესმა კარგად ჩაიარა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05