LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი მხრივ, არის საბერძნეთის ქეისი და მეორე მხრივ, არის რამდენიმე მეგობარი ქვეყნის მცდელობა, რომ 24-ში ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს ევროკომისიის რეკომენდაცია” – რა შანსი რჩება საქართველოს?

360
evropuli archevani

საქართველო ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ძალიან მცირე, თუმცა შანსი არსებობს, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ ასოცირებული ტრიო არ დაშალოს და უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თანაბარი შანსი მისცეს.

მსგავსი მაგალითი ევროკავშირის არსებობის ისტორიაში საბერძნეთს აქვს.

საბერძნეთმა, რომელთანაც  1969-1974 წლებში ურთიერთობა გაყინული იყო, მოახერხა ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა  და წევრობაზე პირველი ოფიციალური განაცხადიც შეიტანა.

ევროკომისიამ, თავდაპირველად, უარი განაცხადა საბერძნეთის მიღებაზე,  აცხადებდნენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა.

მიუხედავად ამისა, მინისტრთა საბჭო და ევროპული საბჭო მომხრენი იყვნენ, პოლიტიკური მოსაზრებით მიეღოთ საბერძნეთი ევროგაერთიანებაში, რათა არ მომხდარიყო აღორძინებული დემოკრატიის დაკარგვა და კომუნიზმის გავრცელება.

საბერძნეთის შესვლა გაერთიანებაში დაემთხვა ესპანეთისა და პორტუგალიის მისწრაფებებსაც, მოეხდინათ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპულ გაერთიანებასთან. ისევე როგორც საბერძნეთი, ესპანეთიც და პორტუგალიაც სამხედრო დიქტატურისგან ახლად გათავისუფლებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთი ევროგაერთიანებას მათზე ადრე  1981 წელს შეუერთდა, პორტუგალია და ესპანეთი კი ევროკავშირის წევრები 1986 წელსგახდნენ.

რამდენად შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც განმეორდეს საბერძნეთის მაგალითი?

რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ მოკლე დროში, 24 ივნისამდე, რომ ევროკავშირის ქვეყნების განწყობები შეცვალოს?

(ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ზე მეტს სურს ევროკავშირში შესვლა კიდევ ერთხელ 20 ივნისს, ქვეყნის მთავარ მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობითაც დამტკიცდა).

 

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, გვაქვს თუ არა სულ მცირე შანსი მაინც, რომ საბერძნეთის ქეისის მსგავსად ჩვენც მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

თემაზე „ფორტუნა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა. 

„ერთი მხრივ არის საბერძნეთის ქეისი და მეორეს მხრივ არის რამდენიმე საქართველოს მეგობარი ქვეყნის მცდელობა, რომ 24-ში ჩვენთვის სასარგებლოდ შეიცვალოს ევროკომისიის რეკომენდაცია და მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აუცილებლად შესასრულებელი პირობებით.

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

ანუ რომ არ მოგვცენ ჯერ პირობები და შემდეგ სტატუსი, არამედ მოგვცენ როგორც უკრაინის და მოლდოვისთვის გაცემულ რეკომენდაციაშია გაწერილი – სტატუსი და აუცილებლად შესასრულებელი პირობები.

ჩვენ ვნახეთ შარლ მიშელის განცხადება, მან მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მოუწოდა სტატუსის მიცემისკენ წევრ ქვეყნებს, თუმცა არც მიშელმა და არც ჯოზეფ ბორელმა საქართველო განზე არ დატოვა და სამივეს განიხილავენ ერთ ფორმატში, როგორც ევროკავშირში მიმავალ კანდიდატსა და წევრს.

 

ბორელი: საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე

„რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას. ახლა უკვე შესასრულებელია პროგრამა, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი.“

 

არ ვიცი, რამდენად შეძლებს რამდენიმე ქვეყანა, ყველა წევრი ქვეყნის აზრი შეცვალოს ჩვენ სასარგებლოდ. ამის თქმა ძალიან რთულია და შანსებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა პროცესი ამ მიმართულებით მიმდინარეობს ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების შიგნით, ჩვენს სასარგებლოს გადაწყვეტილების შეცვლის თვალსაზრისით“. – ამბობს ლაგაზიძე.

 

როგორია მოლოდინები?

 

„მოლოდინებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ერთია სურვილი, მეორეა პროცესი და მესამეა რეალობა, რომელიც დადგება.

ჩემთვის ისიც ძალიან დამაიმედებელია, გუშინ და დღეს რა ინფორმაციაც მოვისმინე, რომ ცალკეული ქვეყნები შეეცდებიან გადაწყვეტილებების ჩვენ სასარგებლოდ შეცვლას. მაგრამ რამდენად მოესწრება ამ მოკლე დროში და იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით არაფერს აკეთებს, ვერ გეტყვით.

პრეზიდენტის ხელშიც არის ბევრი ბერკეტი, მას შეუძლია, დარჩენილ რამდენიმე დღეში ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უფრო გაუხსნის ბერკეტს ჩვენს დასახმარებლად“. – განმარტავს პოლიტოლოგი.

– პრეზიდენტის ბერკეტში სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალება იგულისხმება?

„დიახ და რაც მთავარია, თავად მთავრობის ხელშია მთავარი ბერკეტი. გუშინ რომ დააანონსეს მზაობა, რომ ყველა რეკომენდაციას შევასრულებთო, რა უშლით ხელს რომ დარჩენილ სამ დღეში ეს რეკომენდაციები შეასრულონ?

პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევას და მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, ფაქტობრივად, არაფერი უნდა. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით კანონის შეცვლა მარტივია. ამ 2-3 დღეში ეს მოესწრებოდა, რეალურად რომ უნდოდეთ.  ეს ფაქტორებია ხელისშემშლელი,“ – აცხადებს ლაგაზიძე „ფორტუნასთან“.

 

შარლ მიშელი: ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

 

რამდენი ქვეყანა ცდილობს, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილების შეცვლას?

 

„ასეთი მონაცემი არ მაქვს, მე ვიცი სხვადასხვა თანამდებობის პირების და სხვადასხვა ქვეყნების პოზიციები,“- განაცხადა პოლიტოლოგმა და დასძინა,  „მადლობა ყველას ვისაც სჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ვინც მზად არის, უკეთესი მომავლისთვის იშრომოს და იღვაწოს“.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

მოკლედ შეგახსენებთ ევროკავშირის ისტორიას:

როდის გაჩნდა ევროკავშირის შექმნის იდეა

ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია.

ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა – გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები.

შედეგად, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები.

გაერთიანებამ გაფართოების 7  ტალღა გაიარა. ეს პროცესი მეტად საინტერესო იყო, რადგან ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე მიმდინარეობდა.

 

 

დღეს ევროკავშირი  28 სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შედგება, რომელთა საერთო მიზანს კეთილდღეობისა და ეკონომიკური წინსვლის სურვილი წარმოადგენს და მასში 508 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს.

დღევანდელი მონაცემებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი არიან.

მოლაპარაკებები თურქეთთან 2005 წლიდან,

მონტენეგროსთან 2012-დან,

სერბეთთან 2014-დან დაიწყო,

ხოლო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებთან -მაკედონიასთან, რომელიც კანდიდატი 2005 წლიდანაა, და ალბანეთთან, რომელიც 2014 წელს გახდა კანდიდატი, ჯერ არ დაწყებულა.

ბოსნია და ჰერცოგოვინა, ასევე, კოსოვო პოტენციური კანდიდატები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები