„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია”,-ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ელენე ნიჟარაძის თქმით, ISFED-ისთვის მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება.
“მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.
პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას.
ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.
ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე“, – დაწერა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
“ქართული ოცნება” 47.6%, ენმ – 27.4% – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის პირველად ანგარიში არაზუსტია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
განცხადების მიხედვით, დაზუსტებული შედეგებით, ცესკოსა და ხმების პარალელური დათვლით დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.