თუ ჩვენ მინიმალური შეზღუდვებით გავაგრძელებთ, მატება გაგრძელდება, შეიძლება დღეში რეგისტრირებულმა შემთხვევამ 10 000-ს მიაღწიოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ იმნაძის მტკიცებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით ორ-სამჯერ მეტია, წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, ეს შეიძლება იყოს 30 000 შემთხვევა.
“აქედან გამომდინარე ამის გაძლება არავითარ სისტემას არ შეუძლია. ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა შემოიღეს ლოკდაუნი. შეზღუდვები აუცილებელია. თუ ჩვენ ყველაფერ იმას გავაკეთებთ, რა შეზღუდვების პაკეტიც გამოცხადდება ხვალ, ჩვენი პროგნოზით, მატება აღარ გვექნება. დღეში გვექნება 3-4 ათასი შემთხვევა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა აიტანს. შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი წლისთვის მოგვეცემა შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად ჩვეულ გარემოში შევხვდეთ”- აღნიშნა იმნაძემ.
თუ ლოკდაუნი არ გამოცხადდა, 10 დღეში ვიხილავთ ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს: გიორგი ფხაკაძე
მისივე თქმით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო არა მხოლოდ შეზღუდვებს გამოაცხადებს, არამედ წარდგენილი იქნება 2 თვის სამოქმედო გეგმაც.
“დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, როცა ზუსტად გამოცხადდება ის შეზღუდვები, თუ რომელ სექტორებს შეეხება ისინი. ეს არის არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ გარკვეული გეგმა, მომავალი ორი თვის მანძილზე როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ”, — განაცხადა იმნაძემ.