1 წლის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის დედა ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მისი თქმით, გლოვის წესებს უწუნებენ.
სალომე ბარკერის დის გარდაცვალების საქმეზე, 1 წლის შემდეგ ბრალი მასწავლებლებს წაუყენეს
“რას ვაკეთებ, როგორ მითენდება და მიღამდება ჩემი სკვინჩა რომ აღარ მყავს, მის შემდეგ… რა მეყვავილება და რა მერანჩოება…
ეს ქალი რა ჩვეულებრივ ცხოვრობს, თითქოს ჩიტი მიაბარა მიწას… რანაირი გლოვაა ეს…
არც თავს ვიმართლებ, არც ანგარიშს ვაბარებ ვინმეს. უბრალოდ მოგიყვებით სრულიად გულწრფელად, როგორ ვცხოვრობ ამ სიკვდილისა და სიცოცხლის გზებს შუა გაჩხერილი.
ახლა ის პერიოდი მაქვს, საერთოდ მშვიდად რომ ვარ. ის, რომ ყოველ დილა- საღამოს ვბღაოდი, საფლავზე ვიწექი თუ ვიჯექი, აღარ მჭირს. სოფის სურათებს ყველგან თვალს ვარიდებ. სახლში, ფბ-ზე. მხოლოდ იქ, საფლავზე ვერ ვწყვეტ თვალს ჩემს ლამაზ გოგოს. დავუჯდები წინ და ვუყურებ ხარბად, სიყვარულით…
ისე იღიმება სამივე ფოტოზე, მეც ღიმილამდე მივყავარ.ახლაც ნუ გაიფიქრებთ, რა ეღიმებაო…
არ არსებობს დრო, სოფი გვერდით არ მყავდეს. წამი, წუთი და ასე განუწყვეტლივ. მივეჩვიე მასთან საუბარს. რას მეტყვის, რა მოსწონს. როგორ მეხუმრებოდა ან დამცინებდა თავისებურად: მაწონიიიი – რაც გოიმს, სოფლელს ნიშნავდა… არაგეოგრაფიულს, რა თქმა უნდა.
ვამაყობ, რომ ასეთი კარგი შვილი მყავდა, დედის იმედი, ჭკვიანი,ზოგჯერ ჯიუტი, გადარეული, დამჯერი და არდამჯერიც, თავქარიანი და თბილი,თბილი, უსაზღვროდ თბილი.
სასწაული 16 წელი გვქონდა ერთად. ყოფილა უმნიშვნელოდ ცუდი დღეებიც, მაგრამ ორივეს მალე გვავიწყდებოდა.
ჩემი დეო ჩემთვის სულ აქვეა და რასაც ვაკეთებ, სუუულ მისთვის. არანაირი სულისთვის. მე ვერ ვყოფ სულად და ხორცად ჩემს გოგოს. უბრალოდ სოფისთვის ვაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს. რასაც სალოს ვუკეთებ, რასაც საბას, იმასაც კი სოფით… სოფი მითენებს, სოფი მაენერგიულებს. სოფი ჩამძახის მუდმივი საქმიანობისკენ…
მართალია, გული მიკვდება მეათიათასედ, როცა ვფიქრობ, რა მოხდებოდა ესეც ენახა, ისიც ყოფილიყო, მაგრამ როცა არაფრის შეცვლა შემიძლია, ვცდილობ შევცვალო ის, რაც შემიძლია.
მშვიდად ვარ რატომღაც. არ მეტირება არც საფლავზე, არც სახლში…
თურმე შენში რომ ცოცხლობს, იმას დიდი ძალა ჰქონია.
ჩემმა სკვინჩამ 16 ლამაზი და მხიარული წელი იცოცხლა. ჩემთან ერთად კიდევ არ ვიცი, რამდენს იცოცხლებს, ასეა სალოსთან, საბასთან, იმათთან, ვისთანაც დატოვა თავისი ბავშვური და წრფელი სიყვარული. მეც სიხარულით წავალ იქეთ, როცა იქნება.
მანამდე კი, სოფით მაცადეთ შრომა, გათენება, სიცილი თუ ტირილი. მაცადეთ, ადამიანებო, გვაცადეთ, თქვენ ხომ არაფერს გთხოვთ?!”- წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
პოსტს მისი შვილი, სალომე ბარკერიც გამოეხმაურა:
“ჩემი გამოცდილებით, გლოვა საკმაოდ ინდივიდუალური რამ აღმოჩნდა. რაზეც “საზოგადოება” საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს, არადა ვინ რა შუაში ხართ, ვინ ვისთან ხართ?