ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.
ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.
ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად.
ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ფოტიგა: მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“
ზარქუა გვარამიაზე: რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა