LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა დაიღალა, მაღალი დონის ვიზიტებისა და მედიაციის მიმართულებით დაუსრულებელი შეთავაზებები არ იქნება: მარინა კალიურანდი

107
მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროპას მაღალი დონის ვიზიტებისა და მედიაციის მიმართულებით დაუსრულებელი შეთავაზებები არ ექნება. ეს განცხადება ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანა იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოს, ვიდრე ახლაა.

როგორც მარინა კალიურანდმა განაცხადა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი თავდადებაა და ამაზე მეტი არ იქნება. ამდენად, ევროპარლამენტარის თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, თუ რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული, ხოლო გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით მიიღოს.

კალიურანდის განცხადებით, მთავარი ფაქტორია, რომ ევროპამ განცხადებაში საქართველოს მედიაციაში ჩართული ყველა პოლიტიკური ლიდერი გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, მედიაციას ევროკავშირი ვერ დაასრულებს, კომპრომისზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება და ელჩი დანიელსონი საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს, ევროპარლამენტარის სიტყვებით, ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გააკეთონ.

“დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიაზეა აქცენტი და მათგან ცოტა მეტს ელოდებით, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა წამოაყენოს პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და თავდადება იმის მიმართ, რასაც მთავრობა აკეთებს. ასე რომ, ეს დაბალანსებული პროცესი უნდა იყოს, ვალდებულებებით ორივე მხარეს – დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის იმის ახსნა, რომ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, მაგრამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობისგან დაღლილია და საქართველო იმაზე მეტს ორგანიზაციისგან არ უნდა ელოდოს, ვიდრე ახლა იღებს.

„ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია – საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალზე, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის კუთხით მაღალ მისწრაფებებზე და საქართველოს მომავალზეა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა.

ევროპარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში წინ წამოწეული არ არის – მენდეთ, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: პანდემია, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ,”- დასძინა მან.

ევროპარლამენტარი სიტყვებით, სამწუხაროდ, ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობას მაშინ განიხილავენ, როცა რაიმე ცუდი ხდება ან კრიზისები იწყება.

ევროპა დაიღალა, აღმოსავლეთ პარტნიორობისგან გამოფიტვას განიცდის, ამიტომ დაუსრულებელი შემოთავაზებები მაღალი დონის ვიზიტებისა და მედიაციის მიმართულებით არ იქნება, თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება.

ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით იყოს მიღებული,”- განაცხადა კალიურანდმა.

რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, როგორც კალიურანდმა თქვა, ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა.

“გულწრფელი უნდა ვიყო: ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა. თუ ჩვენ საქართველოში რეფორმებს მხარს ვუჭერთ, თუ საქართველოს გზასა და ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას საქართველოს მხრიდან, მაშინ პირობითობის წამოყენების დროა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, ამ თემებზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g