LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერებს წარმოება გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ

106
b2ap3-large-HowCanWeRevitilizeTheStrugglingGeorgianAgricultureSector2

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ფერმერების დახმარებას, ეს არის პირდაპირი დახმარება – სუბსიდირება იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ.

მცირემიწიანი ფერმერების დახმარებასთან დაკავშირებით, იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“. პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

დავითაშვილი აცხადებს, რომ 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად. პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. 

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები