LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფიზიკურად შეეხეთ ერთმანეთს, ჩაეხუტეთ ხშირად, იყავით ემოციურ კავშირში” – ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე

1597
2-22

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თვითიზოლაცია ნაწილობრივ აისახა წყვილებს შორის ურთიერთობებზე. ჩინეთში კარანტინის დასრულების შემდეგ განქორწინებაზე საკმაოდ ბევრი განაცხადი შევიდა. როგორ ავირიდოთ თავიდან “ჩაკეტილი სივრცის” გავლენა ურთიერთობებზე – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე ესაუბრა.

“სიყვარული ჟამიანობის დროს, არც ისე რომანტიკული გამოდგა რეალობაში, როგორც მარკესის რომანშია აღწერილი. კარანტინის დასრულებასთან ერთად, ჩინეთში ბევრი ქორწინებაც დასრულდა. ცხადია, გაჩნდა კითხვა, რამ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი: წყვილები კარგად არ იცნობდნენ ერთმანეთს აქამდე, ძლიერი სტრესის გამო, თუ დიდხნიანმა ჩაკეტილობამ მოაბეზრდათ ერთმანეთი? ჩინეთის მაგალითზე ვერ ვიმსჯელებ ცხადია, მაგრამ საქართველოს ერთთვიანმა კარანტინის პერიოდმა გამოავლინა რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება მოხდეს წყვილებს შორის უთანხმოება ჩვენს რეალობაში.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მაღალი სტრესის ფაქტორი: ჩვენ აღმოვჩნდით არათუ უცნობი ვირუსის, არამედ უცნობი მომავლის წინაშეც. უმრავლესობას შეეცვალა ცხოვრების სტილი, გეგმები, ყველაფერი რასაც მიზნად ისახავდნენ, გადავადებულია დროში გაურკვეველი ვადით. ჩვეულ ცხოვრებასთან გამომშვიდობებამ, გამოიწვია ადამიანებში გლოვის პროცესი. ისინი გამოემშვიდობენ ნაცნობს და ცდილობდნენ შეგუებოდნენ უცნობ რეალობას. ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება და ეს პროცესი ზოგიერთისთვის არც თუ ისე ადვილად მიმდინარეობს. ამგვარ მდგომარეობას ფონად გასდევს მაღალი შფოთვა, ან დეპრესიული განწყობა, გაღიზიანება, რომელიც აგრესიაში გადაიზრდება ხოლმე, უმეტესად კი სხვების მიმართ. ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება მწვავე სტრესს და სხვადასხვანაირად გამოხატავს ამას. ახალ მოცემულობასთან ადაპტაციის პროცესის სირთულე, არის ერთერთი ფაქტორი ურთიერთობების დაძაბვისა.
მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორი, აღმოჩნდა ოჯახური როლური გადანაწილება წყვილებში, რომლებსაც შვილები ჰყავთ. ჩვეულ ცხოვრებაში შესაძლოა მამას ევალებოდა ბავშვების წაყვანა-წამოყვანა სკოლაში, ან სხვადასხვა აქტივობებზე, ხოლო დედა უძღვებოდა შვილებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს: მეცადინეობა, კვება, განრიგები და აღმზრდელობითი ასპექტები. ამ სიტუაციაში, სადაც ბავშვები სახლში არიან, ხოლო დედ-მამას უწევთ სახლიდან მუშაობა, ჩვეული როლების შენარჩუნება აჩენს უთანასწორობის განცდებს, რამეთუ მამას აკლდება მოვალეობები, ხოლო დედას უნარჩუნდება, ან ეზრდება კიდეც. მაგრამ არსებობს სხვა მოცემულობაც, როდესაც კაცები ცდილობენ ჩაერთონ ბავშვების აღმზრდელობით ან სხვა აქტივობებში, მაგრამ თავისებურად, დედის მიერ დაწესებული წესების გვერდის ავლით, ან საკუთარის შექმნით. ეს კი ქალებში იწვევს გაღიზიანებას, პარტნიორების გაკრიტიკებას და საბოლოოდ კონფლიქტის წარმოქმნას.

რა უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა?

ამ სტრესული მდგომარეობის გადასალახად, წყვილებმა დაისახეთ მიზნად ერთმანეთის ემოციური მხარდაჭერა და ადაპტაციის პროცესის შემსუბუქება. ხოლო ოჯახებმა, სადაც შვილებიც არიან, გაიზრეთ, ეს არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას სტრესის დასაძლევად, შესაბამისად, პარტნიორული, გუნდური მიდგომა საკითხისადმი, კარგ შედეგს მოგცემთ. ცოლ-ქმარმა უნდა გადადოს გვერდზე ყველა თქვენი სუბიექტური შეხედულებები ბავშვების აღზრდის, აქტივობებისა და განრიგებთან დაკავშირებით და როგორც გუნდმა დაისახოთ მიზნად ეს პერიოდი ერთობლივი ძალებით გადალახოთ. ერთმანეთის განსხვავებული მიდგომები გამოიყენეთ, როგორც პრობლემის მოგვარების საშუალება და არ აქციოთ ის კოფლიქტის საგნად. დაინახეთ და აღიარეთ ერთმანეთის ძლიერი მხარეები.

ზოგჯერ, როდესაც ადამიანები საკუთარი შეცვლილი ცხოვრების სევდაში გამოსავლების ძიებით არიან დაკავებული, ისინი იკეტებიან თავის სამყაროში და იზოლირდებიან. ემოციური კავშირი წყდება წვილებს შორის, იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად ერთ სივრცეში არიან. შესაბამისად, ამ ემოციურად რთულ პერიოდში, მნიშვნელოვანია დაკავშირება ერთმანეთთან. ისაუბრეთ თქვენს პარტნიორებთან, ნუ ჩაიკეტებით, ისაუბრეთ თქვენს შიშებზე, გამოსავლებზე… ფიზიკურად შეეხეთ ერთმანეთს, ჩაეხუტეთ ხშირად, იყავით ემოციურ კავშირში. დაეხმარეთ ერთმანეთს გადალახოთ ეს რთული პერიოდი.

ცოტა გახალისებისთვის კი, კარგი იქნება თუ ზოგჯერ საღამოობით მოაწყობთ პაემნებს. დათქვამთ დროს, გამოეწყობით, თითო ჭიქა ღვინოზე შეხვდებით დათქმულ ოთახში და კარგ დროს გაატარებთ.
გისურვებთ წარმატებებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები