ლელა წურწუმიას და ბენდ „ნონ სტოპის“ კონცერტზე ყოველთვის ხალხმრავლობაა.
მომღერალი წლებია, აქტუალურობას არ კარგავს და მისი რეპერტუარის შემადგენელი ნაწილია როგორც ძველი სიმღერები განახლებული სახით, ასევე სრულიად ახალი კომპოზიციებიც, რომლებსაც მსმენელი ძველების მსგავსად კარგად იღებს და იყვარებს.
19 აგვისტოს, „მონოჰოლში“, რასაკვირველია, ლელა წურწუმიას მოსასმენად, ისევ უამრავი მისი თაყვანისმცემელი შეიკრიბა.
როგორც ყოველთვის, ლელა ახლაც არაჩვეულებრივ ფორმაში იყო – შავ ფერზე გააკეთა არჩევანი, რომელიც ძალიან უყვარს და მოკლე ტოპზე პიჯაკი და ფართოტოტებიანი შარვალი მოირგო.
თუმცა ფიზიკური ფორმის გარდა, მომღერალი ზოგადად შესანიშნავ ფორმაშია და ამაში დარწმუნდებით, თუკი მის კონცერტებს დაესწრებით. მომღერლის დიდი პროფესიონალიზმის დამსახურებით, თითქმის ორი საათის განმავლობაში ლელა წურწუმიასგან უდიდესი მუხტი და დაუღალავი ენერგია მოდის, რაც მაყურებელზეც გადადის…
ლელა წურწუმიას ბენდში ცვლილებაა – მის შემადგენლობას დაემატნენ გამოცდილი და ნიჭიერი ბასისტი შაკო ღელეყვა, რომელიც ბენდს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ჟღერადობას აძლევს და გიტარისტი ირაკლი გაფრინდაშვილი. აღსანიშნავია, რომ „ნონ სტოპი“ ზოგადად, პროფესიონალი მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლელა წურწუმიას ბექვოკალისტები, სადაც შესანიშნავი მომღერლები არიან გაერთიანებულები.
მას შემდეგ, რაც კონცერტის პირველ ნაწილში შედარებით ახალი სიმღერები აჟღერდა, მეორე განყოფილებაში ძალიან ცნობილი მელოდიების შესრულების დრო დადგა.
ლელა წურწუმიამ ბენდიდან გიორგი თორაძე გამოიხმო და მასთან ერთად ცნობილი დუეტი „ერთი სიყვარულის ამბავი“ შეასრულა, რომელიც წლების წინ სტეფანესთან ერთად აქვს ნამღერი.
კონცერტის კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი იყო კიდევ ერთ ბექვოკალისტთან, ანი ჭუმბურიძესთან ერთად ნამღერი „სადა ხარ“, სადაც ახალგაზრდა მომღერალმა თავისი კარგი ვოკალური მონაცემები გამოამჟღავნა.
ლელა წურწუმიამ კონცერტის განმავლობაში შოუს ელემენტებით დახუნძლული ეპიზოდები შემოგვთავაზა, მათ შორის იყო „ციცინათელაც“, სადაც ყველა მსმენელმა ტელეფონები აანთო და ასე უჭერდა მხარს საყვარელ მომღერალს.
კონცერტზე ყველასთვის მოულოდნელად სცენაზე გამოჩნდა ბიჭი, რომელმაც თავის რჩეულს ხელი სთხოვა, ლელა წურწუმიასგან და დამსწრე საზოგადოებისგან კი პირველი მილოცვები და დიდი ემოციები მიიღო.
მთელი ღონისძიების განმავლობაში სცენა არ დაუტოვებია ლელა წურწუმიას მეუღლეს და მის შეუცვლელ პროდიუსერს, მამულიჩას, რომელიც სხვა საქმეების პარალელურად, სცენიდან უამრავ ვიდეოსაც იღებდა.
ლელა წურწუმიას და ბენდ „ნონ სტოპის“ მორიგი კონცერტი ბათუმის „სოჰოში“ გველოდება, 25 აგვისტოს.