ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი დაინერგება, ძალაში დარჩება ამ დრომდე არსებული ყველა კოვიდრეგულაცია.
თამარ გაბუნიამ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ “მწვანე საშვის” მექანიზმი ამოქმედება, გარკვეული პერიოდი უნდა მიეცეს მომხმარებელს, დასაქმებულსა და დამსაქმებელს მოსამზადებლად, რომ თუ აქამდე აცრის გადაწყვეტილება არ მიუღიათ, აიცრან:
“ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობა გაიზარდოს.
ჩვენ ვსაუბრობთ, ე.წ. მწვანე საშვის, მწვანე პასპორტის მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ეპიდუსაფრთხოებაზე დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, ვაქცინაციაზეც მოთხოვნას. ეს რამდენად იქნება დადებითი სტიმული ვაქცინაციის ქცევისთვის, რთული სათქმელია.
მწვანე პასპორტის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც დაწესებულია კოვიდის მართვისთვის, ძალაში რჩება. მწვანე პასპორტი ვერცერთ შემთხვევაში, ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთ რეგულაციას.
“მწვანე საშვის” მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი. “მწვანე საშვის” მექანიზმი თუ ამოქმედდა, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი უნდა მიეცეს როგორც მომხმარებელს, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს მოსამზადებლად, იმისთვის, რომ თუ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, აიცრან. “მწვანე საშვის” მექანიზმი არ არის ერთადერთი მექანიზმი და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი მწვანე საშვის მექანიზმი ამოქმედდება, უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დაუბრუნდება დღეში 30 ათას აცრას. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა. ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი საშუალება”, – თქვა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მწვანე საშვის მექანიზმზე სამინისტრო უკვე მუშაობს.
ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა: თამარ გაბუნია