LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნიამ რუსეთს აქილევსის ქუსლი აპოვნინა – რა უფრო საშიშია: ჟურნალისტის მონოლოგი თუ ხელისუფლების რეაქცია

2098
GABU

გუშინ საღამოს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე უხამსად მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

გიორგი გაბუნიას ამ ქმედებას გაემიჯნა არხის დირექტორი ნიკა გვარამია. ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას ნაცვლად საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. რამდენიმე საათში კი არხის შენობასთან აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილი მოქალაქეები გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გაშვებას და არხის დახურვას მოითხოვდნენ. ტელეკომპანიამ რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეწყვიტა, დღეს დილით კი ისევ განაახლა.

ჟურნალისტის მონოლოგს, რომელსაც ტელეკომპანიის შენობასთან აქცია მოჰყვა, მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის პირველი პირებისგანაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მონოლოგი არაფერია თუ არა პროვოკაციის აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა.

ჩვენ ამას გავუმკლავდებით - რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა...

გაბუნიას მონოლოგმა, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა “რუსთავი 2”-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, რამდენიმე საათში გიორგი გაბუანიას მონოლოგს თბილისი მერი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებებით გამოეხმაურნენ.

ყველა მათგანის მთავარი მესიჯი საერთო იყო, ის, რომ ჟურნალისტის მონოლოგი იყო პროვოკაციის აქტი და მიზნად ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობას ისახავდა.

ის, რომ ჟურნალისტის მონოლოგი ჟურნალისტურ ეთიკას სცდება და გამოხატვის ეს ფორმა არასწორი იყო, თანხმდებიან ექსპერტთა წრეებშიც, თუმცა მათი განცხადებით, უფრო შემაშფოთებელი სწორედ ქვეყნის პირველი პირების რეაქცია იყო ჟურნალისტის მონოლოგთან დაკავშირებით.

როგორც რადიო „ფორტუნასთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, ამ ფაქტის ზედმეტად პოლიტიზირება თავად ხელისუფლებამ მოახდინა.

„რა თქმა უნდა, გაბუნიას ქმედების შეფასება ცალსახაა და აქ საკამათო ბევრი არ არის, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეიძლება ქონდეთ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ფორმაზე. ერთია, როდესაც შენ ჟურნალისტის რაღაც ქმედება არ მოგწონს და ამას კომენტარში, ინტერვიუს დროს, კითხვებზე პასუხის დროს აფიქსირებ და მეორე, როდესაც სპეციალურ განცხადებას უძღვნი ჟურნალისტს ქვეყნის პირველი პირი. ანუ თემის ზედმეტი პოლიტიზირება თავად ხელისუფლებამ მოახდინა. ეს იყო ინციდენტი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას და მათ შორის ხელისუფლებას შეეფასებინა და დაეგმო, ეს გასაგებია და ეს ასეც მოხდა, მაგრამ შემდგომში ხელისუფლებამ ძალიან აწია თამასა და რაღაც ძალიან პანიკურად გააკეთა, რაც ძალიან  შემაშფოთებელია. ჟურნალისტის განცხადებაზე ომს არავინ იწყებს, მაგრამ ხელისუფლების განცხადებებში ჩანდა ისე, რომ თითქოს რუსეთს უმტკიცებდნენ ერთგულებას. ძალიან უცნაური ნოტები დავინახე ამ ტიპის სპეციალურ მიძღვნილ განცხადებებში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ფორტუნასთან.“

ექსპერტი ამბობს, რომ არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც შეიძლება ჟურნალისტის გინებას მოყვეს. როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, ის რეალურ საფრთხეებს ხედავს, რადგან თუ ხელისუფლება გაბუნიაზე ასე პანიკურად რეაგირებს, მაშინ რეალური პოლიტიკური ქმედების შემთხვევაში არავინ იცის როგორ მოიქცევა.

რუსეთის საგარეო უწყებამ გაბუნიას გინებაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოიწონა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ "სამართლიან პროტესტს", რომელიც რუსთავი 2-ის შემთხვევამ გამოიწვია.

„შესაძლოა მე მათი შეფასებები გავიზიარო, მაგრამ პანიკის თესვა, რომ ამას შეიძლება ომი მოყვეს რუსეთიდან და ა.შ. არასწორია. ისედაც დაზაფრულია ქართული საზოგადოება და რატომ ზაფრავენ ზედმეტად ვერ გავიგე. ვინ არის გაბუნია, რომ მის განცხადებას ომი მოყვეს. თუ ილუზია აქვს ხელისუფლებას, რომ ასე ვთქვათ გაღვიძებულ დათვს მიაძინებს ისევ, ეს ასე არ იქნება. ის დათვი შიშით იკვებება და ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ შიშის დემონსტრირებას ახდენდეს. კი ბატონო, ის შეიძლება იყოს ფრთხილი, ატარებდეს თავშეკავებულ პოლიტიკას, ეს ყველაფერი პოლიტიკური ტექნოლოგიის თემაა, მაგრამ შიშის დემონსტრირება აძლიერებს მას და ხვალ კიდევ უფრო მეტს მოითხოვს. აი ეს არის ხელისუფლების მთავარი უგუნურება. აბსოლუტურად დამაზიანებელი იყო ქვეყნისთვის მათი რეაქცია. მათ რომ ასეთი ხმამაღალი რეაქცია არ მოეხდინათ და არ აეწიათ თამასა, შეიძლება გადაგორებულიყო ეს თემა. რეალურად მე საფრთხე დავინახე იმისა, რომ თუ ხელისუფლება გაბუნიაზე ასე პანიკურად რეაგირებს, მაშინ რელაური პოლიტიკური ქმედების შემთხვევაში როგორ მოიქცევა. რაც შეეხება ჟურნალისტის მონოლოგს, ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს და პოლიტიკის თეორიაშიც კი წარმოუდგენელია, რომ ჟურნალისტის მონოლოგის გამო ომი დაიწყოს. ხელისუფლება უნდა მიხვდეს ერთ რამეს, რომ თუ რუსეთმა ხელისუფლების შიში იგრძნო ან რომელიმე გარკვეული კაპიტულანტური ნოტები გამოჩნდა, ხელისუფლებას კი არ შეაქებს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას, დაინახავს რა ხელისუფლების სუსტ მხარეს, ანუ პანიკას“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ნებისმიერი ქმედება საქართველოს მიმართ იქნება იმ დასავლური ვექტორის გამო, რომელსაც ქვეყანა ირჩევს და არა რომელიმე კონკრეტული პირის განცხადების გამო. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს თავის პოტენციურ აქტივად განიხილავს და მას ასე ადვილად არ დათმობს.

„რუსეთმა იგრძნო სისხლის სუნი, სუსტი ადგილი იპოვა და მას შეუძლია ამ მხრივ ზეწოლა გააძლიეროს. სამწუხაროდ, გაბუნიამ თავისდაუნებურად რუსული თამაში ითამაშა. რა თქმა უნდა, მას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია, მაგრამ რუსეთს გაატესტინა საქართველოს ხელისუფლება და აპოვნინა რუსეთს დღევანდელი ხელისუფლების აქილევსის ქუსლი. ის გახდა არც თუ სასიამოვნო პროცესების კატალიზატორი. არა ომისა, მაგრამ რუსეთს მისცა ძალიან კარგი მასალა იმისათვის, რომ შემდგომი მოქმედებები დაგეგმოს. მას შეუძლია იპოვოს ქართულ საზოგადოებაში ბევრი გაბუნია პირობითად, რომელიც უკვე რეალურ პროვოკაციებზე წაიყვანოს ან იყიდოს ან რაიმე სხვა მეთოდებით და შემდგომი მოქმედებების რეალური საბაბი შექმნას. ამ დიდ გეოპოლიტკურ თამაშში ჩვენი გაცხადებული ვექტორით უფრო დასავლეთის აქტივი ვართ, ვიდრე რუსეთის. რადიკალური ქმედებების რეალური მიზეზები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი განვითარების ვექტორი. რუსეთის პრობლემა ის კი არ არის, რომ პუტინს აგინებენ, პუტინს ძალიან ბევრი აგინებს, რუსეთის პრობლემა არის ის, რომ ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში ის აგებს, კარგავს თავის აქტივებს. რუსეთი საქართველოს კი თავის პოტენციურ აქტივად განიხილავს“, – განაცხადა ექსპერტმა „ფორტუნასთან“.

 

ის, რომ ჟურნალისტის გინების გამო ერთი ქვეყანა მეორესთან ომს არ დაიწყებს, ამბობს პოლიტიკური ექსპერტი თორნიკე შარაშენიძეც. მისი თქმით, მთავრობა პანიკის რეჟიმში მუშაობს, თუმცა ეს შიში და პანიკა ქვეყნის პირველ პირებს გუშინ ზედმეტი მოუვიდათ.

„ბოლო ორი კვირაა ეს მთავრობა მუშაობს პანიკის რეჟიმში და მგონი პანიკა გამოწვეულია კრემლის რეაქციის გამო. გასაგებიც არის, რომ მოსკოვიდან მუქარებმა და სანქციებმა შეაშინა და გუშინ ეს შიში მგონი ზედმეტი მოუვიდათ. რა თქვა გაბუნიამ, ეს მისი და ტელეკომპანიის პრობლემაა. გასაგებია, შეიძლება შეგეშინდეს მოსკოვიდან რეაგირების და დაგმო ეს განცხადება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდო, რომ დაგმოს გაბუნია, ეს ძალიან ზედმეტია და მარაზმია. საინტერესოა გაეროში უნდა განიხილონ, ეუთოში თუ ნატოს სამიტზე გაბუნიას საკითხი. ჟურნალისტმა რაც თქვა, შევთანხმდით ყველა, რომ არ შეიძლება, მაგრამ ასეთი რეაქციაც არ შეიძლება. არა მგონია, რომ გაბუნიას განცხადებების გამო რუსეთმა თუნდაც სანქციები დაგვიწესოს. მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს მთავრობას მისი ეშინია, ამაში ახალი არაფერი არ არის. მგონია, საერთაშორისო საზოგადოებებს რომ მოუწოდეს, შეაფასონ გაბუნია, ამაზე მგონი ყველგან იცინებენ, მათ შორის შეიძლება მოსკოვშიც იცინონ“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ „ფორტუნასთან.“

 

ტელეკომპანია „რუსთვი 2″-ის ეთერში გასული მონოლოგის შემდეგ, გუშინვე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. როგორც ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური  და პროფესიული სტანდარტები, რაც შეიძლება მთავრობის მხრიდან გახდეს შემდგომი რეგულირების და კანონმდებლობის გამკაცრების საბაბი. მისივე თქმით, ასეთ საკითხებზე რეაგირება ხელისუფლების საქმე არ არის და მსგავს ქმედებებზე რეაქცია საზოგადოებას და აუდიტორიას უნდა ქოდნეს.

„ქარტიამ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ გაბუნიას ეს არაეთიკური გამოსვლა, რომელიც არღვევდა პროფესიულ სტანდარტებს, სახიფათო იყო სწორედ იმიტომ, რომ ეს გახდებოდა საბაბი შემდგომი რეგულირების და ჩვენი კანონმდებლობის გამკაცრების, რისი მცდელობაც არაერთხელ ქონდა ხელისუფლებას ბოლო პერიოდში და ჩვენ ვახერხებდით ამის მოგერიებას. ის, რაც მოხდა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეს არის თვითრეგულირების ჭრილში განსახილველი, ეს არის ამ მაუწყებლის მაყურებლისა და თავად არხის მენეჯმენტის გადასაწყვეტი, მათ შორის დისკუსიის საკითხი და აქ არაფერი არ ესაქმება ხელისუფლებას. ასეთი მყისიერი რეაქცია ხელისუფლების სხვა საკითხებზე მე არ მახსოვს, თან შუაღამისას, ასეთი მობილიზება და ერთსულოვნება. სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც საერთაშორისო პრესას მიმართა. ალბათ, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ამგვარ გადაცდომებზე არავინ არასდროს განცხადებას არ აკეთებს და არც გააკეთებს.

ზოგადად, ხელისუფლებამ ფაქტობრივად გვითხრა, რომ ქვეყნის სიმშვიდე და სტაბილურობა დამოკიდებულია ერთი ჟურნალისტის მონოლოგზე. ჩემთვის ეს იყო ამ განცხადებების ნიშანი. მე შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გაბუნიას განცხადებაზე შეიძლება რომელიმე სახელმწიფო რეაგირებდეს. ალბათ, ეს ხელისუფლებას სჭირდებოდა იმისთვის, რომ გამოიყენოს ეს მაგალითი რეგულირებისთვის, კანონმდებლობის გამკაცრებისთვის, რისიც ჩვენ ასე გვეშინოდა და რაზეც მივუთითებდით ჩვენს განცხადებაში. ასეთ საკითხებზე რეაგირება არ არის ხელისუფლების საქმე, ასეთ საკითხებზე რეაგირება  უნდა ქონდეს აუდიტორიას და არ ვიცი, ალბათ უმჯობესია ხელისუფლებას იმაზე ქონდეს რეაგირება, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა. ნებისმიერი რეაგირება ნებისმიერი ფორმით, რაც ეხება მაუწყებლის ეთერს და იქ გამოთქმულ ასე ვთქვათ, მოსაზრებებს, არის ცენზურის დაწესების მცდელობა“, – განაცხადა ნატა ძველიშვილმა „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g