სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების გავრცელების გამო მმართველი პარტია ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, გახარიას პარტიისკენ იშვერს.
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ, პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.
გიორგი გახარიას გუნდი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და გამოძიების პროცესში ომბუდსმენისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს.
როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლება გამოძიების ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების დადანაშაულებითაა დაკავებული და მათ ინტერესებში ჭეშმარიტების დადგენა არაა.
“მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორე მხრივ კი მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები”, – თქვა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებმა ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ ირიბად დაადასტურეს.
“ის, რაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია და ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ „ოცნების“ ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს.
დღეს გვერდით უნდა გადაიდოს პარტიული ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრაზე. საქმე გვაქვს არამხოლოდ პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს”, – თქვა ლილუაშვილმა.
ამავე თემაზე:
ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება