LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოებზე, გააფრთხილონ ვენეროლოგები, საქმის კურსში იყვნენ ადამიანებიც“ – უახლესი ცნობები მაიმუნის ყვავილის შესახებ

8028
BeFunky-collage (11)

ისტორიაში პირველად მსოფლიო საერთაშორისო დონეზე არის მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქების წინაშე – როგორია დღეს არსებული ვითარება, რამდენად მზარდია დინამიკა და რა ვიცით, მაიმუნის ყვავილს შესახებ – უახლეს ცნობებზე, „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ისაუბრა.

ჯანდაცვის ექსპერტის განცხადებით, შეშფოთების საგანი გახდა ის ფაქტი, რომ მაიმუნის ვირუსი ძირითადად დამახასიათებელი იყო აფრიკის კონტინენტისთვის და უეცრად, შემთხვევებმა გამოვლენა და ზრდა დაიწყო ისეთ ქვეყნებში, სადაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ამ მომენტისათვის, მაიმუნის ყვავილი 52 ქვეყანაშია დაფიქსირებული და შემთხვევათა რაოდენობა 2100 აღწევს. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია გაერთიანებულ სამეფოში, შემდეგ მოდის პორტუგალია, ესპანეთი და ა.შ.

„ამასთან, ვირუსი დაუფიქსირდა იმ ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია. ამიტომ გამოითქვა ვარაუდი, რომ იმის გამო, რომ კოვიდის პერიოდში მთელი მსოფლიო კორონავირუსით იყო დაკავებული, მაიმუნის ყვავილი პანდემიის ფონზე, შეუმჩნეველი აღმოჩნდა.” – აცხადებს ზაზა წერეთელი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ არსებობს პანიკის საფუძველი, არც ახალი პანდემიის გავრცელება ან საყოველთაო ვაქცინაციაა მოსალოდნელი, თუმცა სიფრთხილის ზომებზე  მიუთითებს და განიხილავს ბოლო ცნობებს ვირუსის გავრცელების შესახებ.

 

როგორ შეიძლება გადაედოს მაიმუნის ყვავილი ერთი ადამიანიდან მეორეს?

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა განმარტა, რომ ვირუსის გადადება ხდება ინფიცირებული ადამიანის კანთან უშუალო კონტაქტით, ბიოლოგიური სითხეების საშუალებით, ან დაინფიცირებულების ტანისამოსის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, ზაზა წერეთელი ამბობს, რომ გადადების მასშტაბი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს, მაგალითად, კორონავირუსის შემთხვევაშია.

„გადადებისთვის აუცილებელია ძალიან მჭიდრო კონტაქტი. დაზიანებულ კანთან როცა მოხდება მეორე ადამიანის კანის შეხება ან შეიძლება დაინფიცირება მოხდეს თუ ამ დაზიანებული ხელით შეეხეთ იმ ადამიანის ტანსაცმელს, რომელსაც დაზიანებული კანი ეხებოდა. სქესობრივ კავშირზე იმიტომ საუბრობენ, რადგან კანის კანთან შეხებაა. იტალიაში რამდენიმე პაციენტის სპერმაში აღმოაჩინეს ეს ვირუსი და ამიტომაც არის ლაპარაკი, როგორც შიდსი, ხომ არ გადაეცემა სქესობრივი გზით.

აფრიკაში ძირითადად ცხოველიდან ადამიანზე გადადიოდა, იშვიათად ადამიანიდან ადამიანზე. შემთხვევების 90% გადასულია ადამიანიდან ადამიანზე, თანაც გადასულია სქესობრივი კავშირის შემდეგ. ამიტომაც არის, რომ შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით, 90% არის ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კავშირი ჰქონდათ მამაკაცებთან“, – ამბობს ზაზა წერეთელი და აქვე, დასძენს, რომ ვირუსით შესაძლოა ყველა დაინფიცირდეს, თუმცა ამ მომენტში ამ შემთხვევათა დიდი რაოდენობა სწორედ ახალგაზრდა მამაკაცებში ხვდება.

ზაზა წერეთლის განცხადებით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი კი 21 დღემდეა – „ანუ შემთხვევები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, დაახლოებით, 21 დღის წინ მოხდა ამ ადამიანების დაინფიცირება. ამ 21 დღის განმავლობაში რა მოხდა, ეს ადამიანების როგორ იქცეოდნენ, იყო თუ არა სხვა კონტაქტები იწვევს იმის ვარაუდს, რომ ალბათ, შემთხვევების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ჩვენ პანდემიას არ უნდა ველოდოთ, ეს არ არის ისეთი დაავადება, როგორიც კოვიდი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა, მაგრამ შემთხვევები გაჩნდა იმ ქვეყნებში, სადაც ადრე არ იყო დაფიქსირებული.

შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ეს შემთხვევები გადავიდეს ადამიანიდან ცხოველზე. ამ ცხოველებში შესაძლოა შეიქმნას ამ ვირუსის რეზერვუარი, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი განვითარდეს. როგორ განვითარდება ეს ძნელი სათქმელია. აი, ეს არის პრობლემა, რამაც გამოიწვია”, – თქვა მან.

 

რა სიმპტომები აქვს მაიმუნის ყვავილს?

 

ზაზა წერეთელი განმარტავს, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვლინდება ძირითადად შემდეგი სიმპტომებით – ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.

„ზოგიერთი შემთხვევა დაიწყო ატიპიურად – აღმოჩნდა, რომ ჯერ გამონაყარია და შემდეგ შეიძლება მისცეს სიცხე. ტიპური ფორმაა – სიცხე, ლიმფური კვანძების გადიდება და მეოთხე დღეს არის გამონაყარი.

ახლა ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ გამონაყარი არის ეგრევე. თანაც ეს გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოებზე. ამიტომაც, როდესაც პირველი შემთხვევები დააფიქსირეს პორტუგალიასა და ესპანეთში, [დაინფიცირებული] მამაკაცები გაგზავნეს დერმატო-ვენეროლოგებთან, რადგან სიფილისი ან სხვა დაავადება ეგონათ. ამასაც უნდა მიაქციონ ყურადღება. არა მარტო კანის ექიმები, არამედ ვენეროლოგებიც გააფრთხილონ, თუკი იქნება ასეთი მიმართვიანობა, რადგანაც ატიპიურად მიმდინარეობს, ამის საქმის კურსში იყვნენ ჩვენი ექიმებიც და ადამიანებიც“, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა “ფორტუნასთან”.

 

რა ვიცით მოზარდებში ვირუსის გავრცელებაზე?

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული და საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა სიკვდილიანობა, თუმცა, ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ თუკი ვირუსი გავრცელდება ბავშვებსა და ორსულ ქალებში, სიტუაცია შესაძლოა, გამწვავდეს.

„შეიძლება ბავშვსაც, ქალსაც დაემართოს. თუ ბავშვი დაინფიცირებულ მშობელს, რომელსაც აქვს ეს გამონაყარი, ჩაეხუტა, შესაძლებელია ეს ვირუსი ბავშვსაც გამოუვლინდეს. პრობლემა არის ის, რომ სამწუხაროდ, ეს დაავადება ბავშვებსა და ორსულ ქალებში მძიმედ მიმდინარეობს“, – აცხადებს ზაზა წერეთელი.

 

 

როგორია მკურნალობის მეთოდი?

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ – “ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს დაცვის საშუალება და როგორ განასხვაოს ეს ვირუსი”.

„თუ რაიმე ნიშნებს შეამჩნევს, მივიდეს ექიმთან. მეორე, თუ ფლობთ ინფორმაციას, რომ ვიღაც ადამიანი არის დაინფიცირებული, ნუ შეხვალთ ახლო კონტაქტში და ეცადეთ თავი დაიცვათ. კარანტინი არ არის საჭირო, მაგრამ კარგია, რომ 21 დღის განმავლობაში დააკვირდეთ სიმპტომებს და თუ რაიმე სახის გამოჩნდა, მაშინვე მიმართოთ ექიმს.

თავად დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ზოგჯერ შეიძლება მკურნალობაც არ დასჭირდეს და 21 დღის გავლის შემდეგ ყველაფერი გაივლის. მთავარია ადამიანი დაელოდოს ფუფხის მოშორებას. სანამ ეს ბოლო ფუფხი არ მოსძვრება, მანამდე უნდა იყოს ადამიანი იზოლაციაში”, – ამბობს ზაზა წერეთელი.

 

არის თუ არა საჭირო ვაქცინაცია?

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი აცხადებს, რომ მასობრივი ვაქცინაცია თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ კონტაქტებისა ან რის-ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრაზე.

“მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის იგივე ჯგუფიდან, როგორც ყვავილი და შესაბამისად, ამიტომაც არის პირველი ვარაუდი, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა იმუშავებს ამ ვირუსის წინააღმდეგაც. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში შეწყდა 80-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ყვავილი გახდა პირველი დაავადება, რომელიც აღმოიფხვრა და მთელმა მსოფლიომ მაშინვე შეწყვიტა ვაქცინაცია, თუმცა ვაქცინები მაინც შენახული იყო.

რის-ჯგუფში შედიან ექიმები, რომლებიც სინჯავენ ამ პაციენტებს, ასევე, შედიან ლაბორატორიაში მომუშავე ადამიანები და ისინი, ვისაც ჰქონდათ ახლო კონტაქტი, მაგალითად, სქესობრივი კავშირი თუ ჰქონდათ, ის კონტაქტი, ვისთანაც ჰქონდა კავშირი. მხოლოდ ეს ჯგუფი შედის ვაქცინაციის სამიზნე კატეგორიაში. თანაც, კონტაქტიდან პირველი 4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ აიცრათ. ასე, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე ლაპარაკი არ არის.

ახლა უბრალოდ მეცნიერები ვარაუდობენ, იმის გამო, რომ მეცნიერება წინ წავიდა, ახალი ტიპის ვაქცინები გვაქვს, ყვავილის ვაქცინებიც ეფექტური იქნება მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, მაგრამ პროცენტები ძალიან ძნელი სათქმელი, ამიტომ ახლა მსჯელობენ სასწრაფოდ დაიწყონ კლინიკური კვლევები. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის ვაქცინას, ეს კიდევ ახალი ვაქცინაა, რომელსაც სჭირდება კლინიკური კვლევები. ევროკავშირმა კი დაიწყო შესყიდვა ამ ვაქცინების, მაგრამ ახლა დაჩქარებული ტემპით ცდილობს ამ კვლევების ჩატარებას”, – აღნიშნა წერეთელმა.

"მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული "ყვავილის" საწინააღმდეგო აცრა

საქართველოში, 1980 წლამდე დაბადებული ადამიანების უმრავლესობა ყვავილის საწინაააღმდეგო ვაქცინით აცრილია

რა შედეგები გვაჩვენა ვაქცინამ – გამოვლინდა თუ არა რაიმე სახის უკუჩვენება?

 

ზაზა წერეთლის განცხადებით, დღეს ვაქცინაცია დაიწყო აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში, იმ ქვეყნებში, სადაც შემთხვევათა დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. თუმცა, ის დასძენს, რომ ეფექტურობასთან დაკავშირებით ახლა საუბარი ცოტა რთულია , ვინაიდან რამდენიმე კვირაა გასული.

“უნდა დაველოდოთ, თუმცა, ამ 3 ქვეყანაში ვაქცინაცია ნამდვილად დაწყებულია. ახლა ცდილობენ, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფი, სამედიცინო პერსონალი იყოს აცრილი

„მაგალითად  გაერთიანებული სამეფოში ახლახან ჩატარდა კვლევა, რომელშიც 78 მოხსენებული სექსუალური კონტაქტიდან „მხოლოდ 28%-ს (n = 22) ჰქონდა მოხსენებული სახელები ან საკონტაქტო ინფორმაცია.  შესაბამისად ვაქცინაციის ჩატარება არც თუ ისე ადვილი ჩანს“

ძველი ტიპის ყვავილის ვაქცინას, უკუჩვენება არა მაგრამ, გარკვეული გართულებები ჰქონდა. ამიტომ მაშინ, ყველას აცრა – ბავშვების, ორსული ქალების ან ალერგიული ადამიანების, არც იყო მისაღები, ამიტომაც ვერ ატარებენ მასობრივ ვაქცინაციას. მაგრამ ეს იყო ცოცხალ ვირუსზე გამზადებული ვაქცინები, ახლა მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ საჭიროა კარგი კლინიკური კვლევების ჩატარება, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება”, – განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

 

magti 5g