LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის

185
Untitled design (6)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი წარადგინა.

აღნიშნულ პოსტზე გიორგი ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს შეცვლის.

განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვრით ჩანაცვლების თაობაზე ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.

მინისტრის პოსტზე წარდგენამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

2018 – 2019 წლებში ამილახვარი იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2010 – 2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი და ასოცირებული პროფესორი სამართალში.

2007 – 2008 წლებში კი იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი.

დღესვე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრის გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა:

„უკვე შევხვდი ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. ბატონი მიხეილი წარმატებული მინისტრი იყო, იგი 4 წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი.

ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდეს და საქმიანობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში – უცხოურ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ.

ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი, მას აქვს ღირსეული განათლება მიღებული, სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ გერმანიაში, გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მაქსპლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე, მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი.

ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი მართლაც ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი – სწორედ ასეთი უნივერისიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი.

დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს, მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, წლებია ჩართულია განათლების სფეროში და ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება სისტემაში. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g