მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, ირაკლი კობახიძე სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს, დათო ჯელაძეს გული ატკინა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია ეხმაურება და ამბობს, რომ პირადად ის კობახიძეს ძალიან კარგად იცნობს და მის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება.
ჩიხლაძე: „კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს“
მისი თქმით, „გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, არის გულწრფელი ადამიანი – შესაბამისად, მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს“.
„რაც შეეხება წინა დღეს მომხდარ ამბავს, ირაკლი კობახიძემ ეს კონტექსტიც ახსნა. იცით, ჩვენ რა გარემოში გვიწევს მუშაობა – ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებები მტრულად არის განწყობილი, მუდმივად ცდილობენ, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ დააკლო ხელი, თქვენი ბრალია, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მოქმედებამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.
„მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე“ – ირაკლი კობახიძე
როცა ამ ფონზე ხელში რაღაც სურათს გაჩეჩებენ, შესაძლებელია მოხდეს, როცა ადამიანმა შეცდომა დაუშვა, რაზედაც კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა.
სიტყვა „სინანული“ მაღალი ღირსების აღმნიშვნელია და კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერი ამას მისგან გადაიღებს და იმ ბევრ ცოდვას მოინანიებს, რომელიც ქართველი ერის წინაშე აქვთ.
ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს და ეს მისკომუნიკაცია იმდენადაც კი ამოიწურა, რომ დავით ჯელაძემ დამატებითი კომენტარების გაკეთება არც კი ისურვა, რადგან ჩათვალა, რომ მისი გმირული საქციელი აღიარებულია არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.