მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფორმაციას სეფერთელაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
თამაზ სეფერთელაძემ ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“ ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა.
სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამშენებლო სფეროში.
1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
თამაზ სეფერთელაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.