LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეჯაძე: ხაჭაპურიძემ ამ განცხადებით საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნაზე

293
Untitled design (2)

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც – სააკაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის ჩართვა კატეგორიულად გამორიცხულია – თავად ექსპერტი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

როგორც ალექსანდრე გეჯაძემ აღნიშნა, ის გაოგნებულია, თუ რამ აიძულა შალვა ხაჭაპურიძე, რომ ექსპერტი ამ კონტექსტში ეხსენებინა – „რომ თურმე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე მუშაობს და პირნათლად ასრულებს ყველაფერს, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიუთითებენ“:

„ძირითადი სტრატეგიული მიზანი, ალბათ იყო, რომ ბატონი შალვა, ბუნებრივია, საქმის კურსში იყო – მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ პენიტენციური სტრუქტურის წარმომადგენლებს ექნებოდათ შუამდგომლობა, რომ ჩატარებულიყო სამივე დაწესებულების ერთობლივი ექსპერტიზა.

ალბათ, ბატონი შალვა, ბუნებრივია, მოემზადა, იმიტომ, რომ პასუხები უკვე წინასწარ გამზადებული ჰქონდა, რა არგუმენტების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა სასამართლო დარბაზში ამ სამი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, მოსამართლის შესაბამისად დარწმუნება, რომ ჩვენ ერთობლივი მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარება იქნება არასწორი, არაობიექტური, მთელი გარემოებების გამო.

ახლა რა ექნა შალვას? ამ დროს მეგობრები ვართ, მე მგონია, რომ ახლაც მეგობრები ვართ და ვიქნებით და ალბათ, ბატონი შალვა მერე მიხვდება, რატომ გააჟღერა ამ კონტექსტში ჩემი გვარი და ჩვენი საექსპერტო დაწესებულება. 

მან საწადელს მიაღწია და სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სტრუქტურის შუამდგომლობა ერთიან ექსპერტიზის დანიშვნაზე.

ჩემთან მიმართებით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, ამას რბილად ვამბობ, ჩვენ წლები გვაკავშირებს, არაერთი ექსპერტიზა ჩაგვიტარებია ობიექტურად და რეალურად.

შესაბამისად, რამ აიძულა ბატონი შალვა, რომ ამ კონტექსტში მოეხსენებინა ჩემი პერსონა, რომ თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, თურმე პირნათლად ვასრულებ ყველაფერს, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ და ა.შ. 

საინტერესო იყო კიდევ ის, რომ მან გააერთიანა ცხონებული, „ტვ პირველის“ ოპერატორის საქმესთან სააკაშვილის საქმე იმ კონტექსტში, რომ თურმე ოპერატორის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა შსს-ს შეკვეთის ძალისხმევის შედეგად დაიდო, რომ დასკვნა არაობიექტური, არასწორია და ა.შ.

შემიძლია ცალსახად მოგახსენოთ, რომ ოპერატორთან მიმართებით, კვლევის პროცესში, პროზექტურაში, პირველივე საათებში ჩემს გვერდით სასექციო დარბაზში საიას მხრიდან ოფიციალური წარმომადგენელი იყო, რომელიც კვლევის მთელს პროცესს ესწრებოდა. პროცესის გადაღება ხდებოდა ვიდეოსაშუალებებით, თითოეული დეტალი აღბეჭდილია ვიდეოზე.

პარალელურად, მუშაობის პროცესში, საიას წარმომადგენელს გარკვეულ კითხვებზე განმარტებით პასუხს ვაძლევდი და მას კითხვები არ ჰქონია..

სანამ ბატონი შალვა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ოფიციალურად ჩაერთვებოდა, მანამდე ჩემთან იყო მოსული და მითხრა,რომ აპირებდა ბატონ მიხეილთან ადვოკატად წასულიყო, ყოყმანობდა, არ იცოდა მიიღებდა ამ მოწვევას თუ არა, იყო მომენტი, თუ სწორად მახსოვს, ამბობდა ჯერ არ ვიცი, ჩავერთვები თუ არა, ფიქრებში და განცდებში ვარო“, – განაცხადა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართვა კატეგორიულად გამორიცხულია.

„ბატონ გეჯაძესთან არაერთხელ მქონდა შეხვედრა. მე მსურდა, რომ იგი ჩართულიყო ამ საქმეში. რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც ეტყვიან“, – თქვა ხაჭაპურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები