LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გემოვანი – გენეტიკურად ქართული პროდუქცია მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება

504

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტები, რომლებიც ერთი ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან, მსოფლიო ბაზრის დასაპყრობად ემზადებიან. მანამდე კი ”გემოვანის” პროდუქციას ადგილობრივი მომხმარებელი გაეცნობა.

როგორც ”ფორტუნას” პროექტ გემოვანის ავტორმა, ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა, 18 ნოემბერს ”თბილისის ივენთ ჰოლში” პირველად ისტორიაში, ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

”ღონისძიების მიზანია ნიშანი ”გემოვანის” წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას დაახლოებით 50-ამდე მეწარმე მიიღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოიფინება და გაიყიდება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული, ნატურალური პროდუქცია. ესენი იქნება:პური, რძის ნაწარმი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და სხვა”, – აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან, ანუ 2018 წლიდან იგეგმება ყოველკვირეული ბაზრობის გამართვაც, სადაც ”გემოვანის” ნიშნით გაერთიანებული პროდუქცია გაიყიდება.

”გვინდა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და რაც მთავარია, ხელი შევუწყოთ წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენასა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას. ”გემოვანის” ქვეშ წარმოებული პროდუქცია არის უნიკალური და მას უნდა გაეცნოს მსოფლიოც. ამიტომ, ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ნომერ პირველი გეგმა არის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა”, – აღნიშნა პროექტის ავტორმა.

ამასთან, როგორც ირაკლი ჩავლეშვილმა განმარტა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებს. ”გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი წარმომავლოს პროდუქციის წარმოებას. ფერმერებს ეცოდინებათ, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქცია არის მოთხოვნადი, ასევე ძვირადღირებული და მათ შეეძლებათ, პირობითად, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად მოიყვანონ 2 ტონა და შემოსავლის სახით, მიიღონ 15 ტონის ღირებულება”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”გემოვანის” ავტორმა.

ცნობისთვის, ”გემოვანის” ნიშნის პრეზენტაციის და გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორია “პური მზეთამზე”.  ღონისძიების ერთ-ერთი მედია მხარდამჭერი კი რადიოჰოლდინგი ”ფორტუნაა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები