LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღონისძიებების გამართვას კვლავაც საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები“ -კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” შსს-ს მიმართავს

40
ლგბტ+ დროშა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „ღირსების მარშის“ გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ „პრაიდის“ დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს კი,  შესაძლებლობა ეძლევათ თანასწორობის მისაღწევად ქუჩაში გამოვიდნენ.

„ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას „ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის,“ – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციისა და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.

კოალიცია მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს „ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობა – „ღირსების მარში“ იგეგმება. ამჟამად კი, მიმდინარეობს “პრაიდის კვირეული”.

საქართველოში უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია. ეს არაა ქრისტიანობა, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა: დეკანოზი ილია ჭიღლაძე