LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხი რუსეთს: ექსპორტზე ღვინო შემოწმების გარეშე არ გადის

79

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას პასუხობს. როგორც  სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად.

ქართული უწყების ცნობით,ექსპორტზე ღვინო შემოწმების გარეშე არ გადის, სააგენტო აღნიშნავს, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან.

“ფორტუნა” ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია. 
2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2017 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო. 

საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან 93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან უარყოფითად 299 შეფასდა.

საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოების ექსპორტზე უარი ეთქვათ. 2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან აღებული და შემოწმებული 469 ნიმუშიდან ექსპორტირებაზე უარი 27 ნიმუშს განეცხადა.
დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა ორგანომ გადაწყვიტა, შეამოწმოს რუსეთში საქართველოდან შესული ღვინის ხარისხი და უსაფრთხოება. უწყება აცხადებს, რომ  2018 წლის პირველ ნახევარში რუსეთში გამოავლინეს ქართული ღვინის პარტიები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტს და მომხარებელთა დასაცავ ადგილობრივ კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ, რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს 16 ათასი ლიტრი ქართული ღვინო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები