ზაფხულის მოსვლასთან ერთად ნელ-ნელა ახლოვდება გარუჯვის სეზონიც, რასაც უამრავი ადამიანი მთელი წელი ელის. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ კანი მზის მწველი სხივებისგან და როგორ გავირუჯოთ სწორად, „ფეისბუქ-ლაივში“ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს…

ასაკთან ერთად კანი უხეშდება და ფიბროზდება. კანის ნაადრევი დაბერების და დანაოჭების ერთ-ერთი ხშირი მიზეზი თამბაქოს მოწევის გარდა ხშირად მზის სხივები ხდება. როცა ვირუჯებით, წინა ხაზზე მოდის სხვადასხვა პრობლემები: კანი მალე ბერდება, ნაოჭდება, და რაც მთავარია, იზრდება კანის სიმსივნის რისკი, რასაც იწვევს ულტრაიისფერი სხივები.

კანის სიმსივნეებს შორის სამი არის განსაკუთრებით აგრესიული და გავრცელებული.

ესენია: ბაზალური კარცინომა, სკუამოზური კარცინომა და მელანომა.

როცა ირუჯებით, გარდა იმისა, რომ ნაადრევად ჩნდება ნაოჭები და იზრდება სიმსივნეების რისკი, ვითარდება ფოტოდერმატიტი, ანუ კანის ანთება. თუ გაქვთ აუტოიმუნური დაავადება ან სვამთ რაიმე მედიკამენტს, შესაძლოა ვითარება უფრო გართულდეს.

როგორ გავირუჯოთ ისე, რომ ამ პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ და ბედნიერად გავატაროთ ზაფხული? უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ისინი სწორად ავარჩიოთ და გამოვიყენოთ.

პირველ რიგში, სანამ მზისგან დამცავს შეარჩევთ, დააკვირდით როგორი კანი გაქვთ. კანი არსებობს 6 ტიპის, საქართველოში კი ძირითადად 4 ტიპია გავრცელებული.

პირველი, ეს არის ძალიან ღია ფერის, ჭორფლიანი კანი, რომელიც აქვთ წითურებს. კანის ეს ტიპი ძალიან მალე იწვება და თითქმის არასდროს ირუჯება. მეორე ტიპი არის ღია კანი, მაგრამ არა ძალიან ღია. ეს ადამიანებიც ხშირად იწვებიან, მაგრამ ზოგჯერ ირუჯებიან. მესამე ტიპის კანი ჩვენთან არის ძალიან გავრცელებული, ეს არის ჩვეულებრივი ფერის კანი, რომელიც ზოგჯერ ირუჯება და იშვიათად იწვის. მეოთხე კანი არის ოდნავ მუქი ფერის, ის ყოველთვის ირუჯება და თითქმის არასდროს იწვება. მეოთხე ტიპი ძირითადად აქვთ შავგვრემან ადამიანებს.

პირველი ორი ტიპის კანზე სასურველია, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ გაირუჯონ, რადგან ძირითადად იწვებიან. მაგრამ თუ მაინც ირუჯებიან, მათ უნდა იყიდოთ მზისგან დამცავი, რომელსაც SPF აქვს 50 და მეტი. ზოგჯერ ადამიანები იყენებენ დამცავს SPF 30-ით, მაგრამ მას საკმარისად ძლიერი დაცვა არ აქვს იმისათვის, რომ ღია ან ძალიან ღია ფერის კანი დაიცვას. თუ მესამე ტიპის კანი გაქვთ, ამ დროს შეგიძლიათ იყიდოთ დამცავი SPF 30 ან SPF15-იც კი.

როგორ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი სწორად?  ეს აქტუალური შეკითხვაა. ის უნდა წაისვათ იქამდე, ვიდრე მზეზე გახვალთ. არასწორია მზისგან დამცავის წასმა უშუალოდ სანაპიროზე. ასევე, ის თავიდან უნდა წავისვათ 2 საათში ერთხელ.

ზოგადად, არსებობს ულტრაიისფერი სხივების სამი ტიპი -A, B და C. C ტიპი არ არის საშიში, რადგან ის ეპიდერმისშივე ჩერდება. B სხივები  შედარებით ღრმად აღწევენ კანში და თითქმის დერმამდე ჩადიან. A ტიპი კანში ყველაზე ღრმად, დერმაში ბოლომდე აღწევს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალია ვიყიდოთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც გვიცავს როგორც A, ასევე B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისაგან. დამცავების უმეტესობა მხოლოდ B ტიპზეა გათვლილი მაშინ, როდესაც A ულტრაიისფერი სხივების ყველაზე აგრესიული ფორმაა და ყველაზე ხშირად ონკოლოგთან ვიზიტის მიზეზი სწორედ ის ხდება.

ზოგი ადამიანი მზეზე ძალიან მალე იწვება, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს რაიმე მედიკამენტი, რასაც ეს ადამიანი იღებს. ზოგიერთი მედიკამენტი კანს ძალიან მგრძნობიარეს ხდის სინათლის მიმართ. ასეთი შეიძლება იყოს: ჰიდროქორდიაზიტი, ნაპროქსენი, ნარიდიქსის მჟავა, ციპროფლოქსაცინი და ა. შ. ამიტომ მედიკამენტებს ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, მათ ინსტრუქციებში ყოველთვის არის ინფორმაცია იმაზე, თუ ისინი  ფოტოსენსიტიურია. თუ ასეთ მედიკამენტებს მოიხმართ, მზისგან დამცავის გარეშე გარეთ ნუ გახვალთ.

მზისგან დამცავის ერთჯერადად გამოყენება ორგანიზმში D ვიტამინის დონეს არ ამცირებს. ქრონიკულად გამოყენებამ შესაძლოა ოდნავ შეამციროს D ვიტამინი, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან დეფიციტი გამოიწვიოს. და მაინც, როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა თავიდან ავიცილოთ? შეგიძლიათ კვირაში ორჯერ  5-30 წუთი გახვიდეთ მზეზე მზისგან დამცავის გარეშე. ამ დროს მიიღებთ საჭირო ოდენობით D ვიტამინს.

ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ როგორც კანის სიმსივნეების თავიდან აცილებაში, ასევე იმაშიც, რომ კანი ნაადრევად არ დაბერდეს და ნაოჭები არ გაჩნდეს.

მსგავსი თემები