LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი რურუა პოლიტპატიმარი თუ კრიმინალი? – თამარ თორაძე სენატორ რიშს „ბოროტების საძმოს“ ამბებს უყვება

920
ჟორიკა

სენატორი ჯიმ რიში ქართულ მხარეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს. ამის შესახებ სენატორმა სოციალურ  ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. სენატორის განცხადების შემედგ, აშშ-ს მოქალაქემ თამარ თორაძემ სენატორს ღია წერილით მიმართა. თორაძემ რიშს  განუმარტა, რომ მის განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი რურუა თბილისში „ბოროტების საძმოდ“ შერაცხული ბანდას მეთაურობდა.

თამარ თორაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„პატივცემულო სენატორო რიშ,

მოგმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძე. ამ წერილის დაწერა ტვიტერზე გამოქვეყნებულმა თქვენმა განცხადებამ გადამაწყვეტინა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებთ.

მე წარმოშობით ქართველი ვარ. სამშობლოს დატოვება შემაძრწუნებელმა ოჯახურმა ტრაგედიამ მაიძულა. რომ არა ამერიკის სახელმწიფოს ჰუმანიზმი, ამერიკელი ხალხის კეთილშობილება და გულმოწყალება, დღეს, ალბათ, ცოცხალი არ ვიქნებოდი, ისევე როგორც ჩემი ოჯახის 7 წევრი.

თქვენ, როგორც საქართველოს გულშემატკივარსა და მეგობარს, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებში, საქართველო, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, დასაშლელად განწირული იმპერიის მიერ ინსპირირებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა.

სამოქალაქო ომის, უკანონობისა და განუკითხაობის თანმდევი პროცესია შეიარაღებული კრიმინალური ბანდების თარეში. ერთ-ერთი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება იყო თბილისში „ბოროტების საძმოდ“ შერაცხული ბანდა, რომელსაც მეთაურობდა თქვენს განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი (ჟორიკა) რურუა. ამჟამად იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ბრალდებული და დაპატიმრებული.

1992 წლის თებერვალში გიორგი (ჟორიკა) რურუამ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები – ზაზა და ლაშა თორაძეები. 1992 წლის 3 მარტს, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე, ჩემი დედა და მამა. შემდეგ – ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და ჩემი და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა – კახა და იმედო. რამდენიმე ხანში გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა დაჯგუფებამ მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა პაატა გაიტაცეს. ზაზასა და პაატას ასავალ-დასავალი დღემდე არ ვიცით – ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან.

სამართლიანად გაგიჩნდებოდათ კითხვა, ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულების გამო, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ აქამდე პასუხი რატომ არ აგეს. იმიტომ, რომ ის და მისი დაჯგუფება სამოქალაქო ომში გამარჯვებულ მხარეს აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ, 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო, ის ქვეყნიდან გაიქცა. ამას, მოგვიანებით, მისი უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოჰყვა და როგორც ამ და სხვა კრიმინალური საქმეების გამო ძებნილი, გიორგი (ჟორიკა) რურუა საქართველოს ციხეში აღმოჩნდა.

თუმცა, მალევე, 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გავლენიანი წევრი, შემდგომში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ძმა გახლდათ.

პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას მფარველობამ განაპირობა ის, რომ ამ წლების მანძილზე ვერ აღდგა სამართალი და გიორგი (ჟორიკა) რურუა, ჩადენილი უამრავი დანაშაულების გამო, არ დაისაჯა. მთელი ამ წლების მანძილზე ვცდილობდი, ჩემი ოჯახის თავს დატრიალებული ეს არაადამიანური დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მფარველობის, მოწმეების შიშისა და საქმის ხანდაზმულობაზე აპელირების გამო, საქმის გამოძიებას, დღემდე ყველანაირად ხელს უშლიდნენ.

სენატორო რიშ,

როგორც ამერიკის მოქალაქე, მოგმართავთ თქვენ, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ სენატორს, მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არა თუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხონ და გაათავისუფლონ ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულები გამოიძიონ და საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ მას!

ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოა „ჩვენ გვჯერა ღმერთის“ (IN GOთ ჭE თღUშთ). მეც მჯერა ღმერთის და მისი სამართლის. მჯერა ამერიკის და მისი ხალხის რჩეულების სიმართლის. საქართველოში არის ასეთი ანდაზა – „სამართალი ურმით დადის“, ანუ ძალიან ნელა დადის, მაგრამ დადის. მინდა მჯეროდეს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი ჩემი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მოვიდეს.

პატივისცემით,

ამერიკის მოქალაქე თამარ თორაძე“, – წერს თამარ თორაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები