„ღარიბაშვილის განცხადება იყო კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
აღნიშნულით გოცირიძე პრემიერ-მინისტრის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვა იყო.
„როცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გამოიწვია უკრაინის მიერ პროვოცირებული, NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნამ, ასეთი რამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არავის უთქვამს, არც ერთი თანამდებობის პირს.
ეს იყო კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კონსტიტუციური მიზანი ჩვენი ქვეყნის არის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღეს დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სავარაუდოდ, ზურაბიშვილს საკმაოდ მწვავე გამოსვლა ექნება, მით უფრო პრემიერ-მინისტრის განცხადებების ფონზე:
„დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილის განცხადებებს გვერდს არ აუვლის, მისი განცხადებიდან ძალიან შორსმიმავალი დასკვნები შეიძლება გამოიტანო“. – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე