სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას ვერ წაუყენებ ვერც ერთ პრეტენზიას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და კონკრეტული მიზეზებიც დაასახელა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, რუსეთს ის უფრო აღიზიანებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებზე იღებს მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, ვიდრე კამერების წინ განცხადებების გაკეთება.
“გაეროში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას საქართველო აძლევს ხმას.
რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან აძლევს ხმას, რაც რუსეთისთვის საშინელებაა და კიდევ უფრო საშინელება, დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, სადაც 32 სახელმწიფო ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, საქართველოც აწერს ხელს.
ამ ფონზე, შეერთებული შტატების ელჩი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით სანქციების საკითხზე. იმის მაგივრად, რომ ეს ფორმულირება გაიმეორო, ამბობ იმას, რაც საერთოდ არაფერში არ წერია.
ზოგიერთი გაუგებარი პიროვნება კი იძახის, ალბათ, რომ არ გავაღიზიანოთო.
დიდი ბოდიში, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში საქმის აღძვრასთან მიერთებას ან ევროსაბჭოდან გარიცხვას უფრო დიდი გაღიზიანება მოჰყვება რუსეთისთვის, ვიდრე იმას, რომ ვიღაცა ქართველი ჩინოვნიკი კამერის წინ რაღაცას იტყვის?”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
იგივე პოზიცია დააფიქსირა ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერშიც:
“პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ იმით, რომ მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ იმისთანა ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს.’’ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.